Thumbnail
  • ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის ისევ სახელდება
  • სლოვაკ სპეციალისტს სფფ-სთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე აკავშირებს 
  • 56 წლის მწვრთნელის მომავალი დიდწილად 12 ნოემბრის მატჩზეა დამოკიდებული 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესაძლოა სამუშაოდ სამშობლოში, სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს, რომელსაც 2008-12 წლებში წვრთნიდა. 56 წლის სპეციალისტს სლოვაკური მედია ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის ასახელებს.

ვლადიმირ ვაისს, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნის, სფფ-სთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე აკავშირებს, ხოლო რა იქნება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. აქ მნიშვნელოვანი 12 ნოემბრის მატჩია - თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომლის შედეგზეც არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ისტორიის დაწერას და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. 

საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე ნაბიჯი აშორებს

რაც შეეხება სლოვაკეთის ნაკრების, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სულ ახლახან პაველ ჰაპალს დაატოვებინეს. ჩეხ სპეციალისტთან დამშვიდობების მიზეზი, რომელიც სლოვაკებთან 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა, გუნდის არადამაკმაყოფილებები შედეგები გახდა. სლოვაკეთის ნაკრებმა, რომელიც ჩვენს მსგავსად, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალშია გასული და საგზურისთვის 12 ნოემბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას უნდა დაუპირისპირდეს, ერთა ლიგაში ბოლო ორი თამაში წააგო.

სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს, მედიის ინფორმაციით კი, გუნდს დროებით სტეფან ტარკოვიჩი ჩაიბარებს - ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, რომელიც უწინ ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო. სწორედ ის გაიყვანს სლოვაკეთის ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი ოფის ფინალურ მატჩში, მომავალი წლიდან კი თანამდებობას სხვა სპეციალისტს გადააბარებს. 

"ეჭვგარეშეა, ვლადიმირ ვაისი საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებდნენ. მაგრამ არსებობს რამდენიმე დაბრკოლება, რომელთაგან უმთავრესი ისაა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეა, რომელთან ერთადაც ევრო 2020-ზე მოსახვედრად იბრძვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნოემბერში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წარმატებას ვერ მიაღწევს, მისი მოწვევა მაინც რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ვაისს მიუძღვის წვლილი 2010 წლის მუნდიალზე სლოვაკეთის ისტორიულ მიღწევაში, გამოცდილ სპევიალისტსა და ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა არცთუ იდეალურია და ყინულის გალღობა იოლი არ იქნება", - წერს სლოვაკური მედია.

ვაისის გაწვრთნილმა სლოვაკებმა მუნდიალის ჯგუფში იტალიას 3:2 მოუგეს

ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2008 წლის ივნისში ჩაუდგა და გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. სლოვაკებმა სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ჩატარებულ მუნდიალზე ჯგუფში იტალია ჩატოვეს და ⅛-ფინალში გააღწიეს. ვაისმა თანამდებობა 2012 წლის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც ნაკრები ევრო 2012-ის ფინალურ სტადიაზე ვეღარ გაიყვანა. 

სლოვაკეთის ეროვნული გუნდის შემდეგ, ვლადიმირ ვაისი ბრატისლავის სლოვანსა და ალმათის ქაირათს წვრთნიდა, 2016 წლის გაზაფხულიდან კი სათავეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები