Thumbnail
  • 'რატომ უნდა დაწერო იმ 12-14 მატჩზე, რომლებშიც 1 გამარჯვებაც კი არ მოგიპოვებია?'
  • 'მოურინიოს სიტყვები? მე ისინი არ მაღელვებს. ის მუდმივად პროვოცირებას ახდენს'

არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოს ერთმანეთი გულზე აქამდეც არ ეხატებოდათ, ბოლო დღეებში კი, მწარე სიტყვები კიდევ ერთხელ გაცვალეს, რაც ფრანგი მწვრთნელის ავტობიოგრაფიულ წიგნს – My Life in Red & White უკავშირდება.

როგორც ხშირად ხდება, კამათის წამომწყები ჟოზე გახდა, რომელმაც ვარაუდი გამოთქვა, რატომ არ მოხვდა არსენის წიგნში.

“რატომ უნდა დაწეროს ადამიანმა წიგნში იმ 12-14 მატჩზე, რომლებშიც ერთი გამარჯვებაც კი არ მოუპოვებია? ამდენად, არ მიკვირს, რომ მას არ ვუხსენებივარ. წიგნს იმიტომ წერ, რომ კარგი ამბებით გაიხარო და იამაყო. ასე რომ, ვენგერის კარგად მესმის”.

სათქმელია, რომ სიტუაციის შეფასებისას მოურინიომ გადააჭარბა, რადგანაც ფრანგ სპეციალისტს პორტუგალიელისთვის 2 თამაში მოგებული აქვს. სხვა საქმეა, რომ ჟოზეს აქტივში 9 გამარჯვებაა, 7 შეხვედრაში კი ფრეა დაფიქსირებული.

მოლოდინისამებრ, არ დააყოვნა ვენგერის პასუხმაც:

“მოურინიოს სიტყვები? მე ისინი არ მაღელვებს. ის მუდმივად პროვოცირებას ახდენს. მასთან დაკავშირებით ის შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს საბავშვო ბაღში ვიმყოფები. ეს ჟოზეს ხასიათის ნაწილია. არადა, შეცდომებს ისიც უშვებდა და დამარცხებული ნამდვილად მყავს, ამას გარდა, ბევრი ფრეც იყო. საერთოდაც მოგება "მე"-სთან არ უნდა გააიგივო, უნდა თქვა “ჩვენ”, რადგანაც მწვრთნელი გუნდთან ერთად იგებს და არა – ცალკე”.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე 70 წლის ვენგერი ლონდონის არსენალს 1996-2018 წლებში ავარჯიშებდა, 57 წლის მოურინიო კი, პრემიერლიგაში ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, ამჟამად კი, ტოტენჰემის დამრიგებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები