Thumbnail

იტალიის სპორტის მინისტრისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირება გრძელდება. ორივე მხარე ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებს. იუვენტუსის თავდამსხმელმა დღეს ინსტაგრამის ლაივით ვინჩენცო სპადაფორას გუშინდელ განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ის ცრუობდა.

პორტუგალიელის ეს განცხადება უპასუხოდ არც მინისტრს დაუტოვებია, რომელმაც Ansa-ს უთხრა, რომ რონალდოს მეტი პასუხისმგებლობა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა მართებს.

ვინჩენცო სპადაფორა (იტალიის სპორტის მინისტრი): "ზოგიერთ ფეხბურთელს პოპულარობა არ აძლევს იმის უფლებას, რომ ამპარტავნები, ინსტიტუციების მიმართ უპატივცემულოები იყვნენ და იცრუონ. პირიქით, რაც მეტია ცნობადობა, მით უფრო მეტად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, იფიქრონ სიტყვაზე და მისცენ კარგი მაგალითი. მე არ მინდა ეს თემა გავარგძელო. ვადასტურებ, რაც გუშინ ვთქვი იუვენტუსის ფეხბურთელების სასტუმროდან წასვლის შესახებ. ამის თაობაზე მეტს არაფერს დავამატებ და ყველა ინფიცირებულს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

კრიშტიანო რონალდო იუვენტუსს გამოჯანმრთელებამდე ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ის ვერც 28 ოქტომბერს, ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს. ტურინულ გუნდში კორონავირუსი ამერიკელ ნახევარმცველ ვესტონ მაკენისაც აქვს, გარდა ამისა, 23-წლამდე გუნდში 4 ფეხბურთელია ინფიცირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები