Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ ვინჩენცო სპადაფორას უპასუხა
  • პორტუგალიელი არ ფიქრობს, რომ პროტოკოლი დაარღვია

იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა ტყუილში დაადანაშაულა. პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე რონალდოს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ის პირადი თვითმფრინავით ტურინში დაბრუნდა და კარანტინს საკუთარ სახლში გადის.

სწორედ ამიტომ, სპადაფორამ იტალიურ მედიას უთხრა, რომ ინფიცირებულმა რონალდომ პროტოკოლი დაარღვია. მას დღეს პორტუგალიელმა უპასუხა და განაცხადა, რომ იტალიის სპორტის მინისტრი ტყუის.

კრიშტიანო რონალდო: "კარგად ვარ, ვირუსი უსიმპტომოდ მაქვს. წუხელ კარგად მეძინა. მადლობას გიხდით შეტყობინებებისთვის, იმედი მაქვს, ვარჯიშს მალე დავუბრუნდები. ვინჩენცო სპადაფორას სიტყვები ტყუილია, მე არასდროს დამირღვევია პროტოკოლი. იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრებთან შეთანხმებით ყველაფერი გავაკეთეთ პროცედურის პატივისცემით. იტალიელი სინიორი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, ამბობს, რომ წესებს არ ვიცავდი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მე არავისთან კონტაქტი არ მქონია, არც ტურინში. ჩემი ოჯახი სახლის სხვა სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, კონტაქტი არ გვაქვს. თუმცა, როდესაც თავს კარგად გრძნობ, არანაირი პრობლემა არ არსებობს".

კრიშტიანო რონალდო იუვენტუსს გამოჯანმრთელებამდე ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ის ვერც 28 ოქტომბერს, ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს. ტურინულ გუნდში კორონავირუსი ამერიკელ ნახევარმცველ ვესტონ მაკენისაც აქვს, გარდა ამისა, 23-წლამდე გუნდში 4 ფეხბურთელია ინფიცირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები