Thumbnail

‘პროტესტი აუცილებელი იყო’ - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს მაკედონიაში უნდა ეთამაშა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ჩრდილოეთ მაკედონიაში არაღიარებული ქვეყნების ტურნირი იგეგმებოდა
  • ახლახან, დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გუნდს შეხვდა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, იქ სადაც 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩი ჩაატარა, 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, არაღიარებული ქვეყნების ე.წ. “მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი” უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო გადაიდო.

თორნიკე შარაშენიძე (ჯიპას პროფესორი): “სკოპიეში არაღიარებული და მათ შორის სეპარატისტული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით ტურნირის დაგეგმვის და მისი ჩატარების შესახებ, აუცილებლად უნდა გამოხატულიყო პროტესტი - პირველ რიგში იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომელთა ნაკრებებსაც ჩრდილოეთ მაკედონიის ტერტორიაზე თავისი მატჩების ჩატარება მოუწიათ. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩანს, ეს პროტესტი არ ყოფილა. არადა, ამის მოგვარება ვაშინგტონში ერთი ზარით შეიძლებოდა. შესაბამისად, აღარ იარსებებდა არც უხერხულობის მომენტი, რომელიც წესით, ყველა ქვეყნის გუნდს, მაგალითად საქართველოს ნაკრებს, ამ ქვეყანაში თამაშის გამო უნდა შექმნოდა.

ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ნაკრებმა კი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა. თუმცა შესარჩევ ეტაპზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ისინი ამხანაგური მატჩების ჩატარებას განაგრძობენ. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა სოხუმის დინამო სტადიონზე, არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ეროვნულ გუნდთან გაიმართა. იმის გამო, რომ სტადიონის განათება მწყობრიდან გამოვიდა, მატჩი ვერ დასრულდა. შეწყვეტის მომენტში ანგარიში 0:0 იყო.

📺 კადრები სოხუმში ჩატარებული მატჩიდან

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და ასევე არაღიარებული აფხაზეთის გუნდები ასეთივე სტატუსის სხვა ქვეყნების ე.წ. ნაკრებებთან ერთად გაერთიანებულნი არიან ორგანიზაციაში სახელწოდებით CONIFA, რომელიც ე.წ. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებს. სკოპიეში გასამართი ტურნირი რიგით მეოთხე უნდა ყოფილიყო. ოთხი წლის წინ ეს ტურნირი სოხუმში ჩატარდა და ადგილობრივმა გუნდმა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება. გამარჯვებული კონტინენტის პირველობის საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები