Thumbnail
  • რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების ბოლო სამმა თამაშმა
  • შედეგი უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო
  • მთავარი პრობლემა ცუდი რეალიზაციაა
  • ნაკრების სათამაშო სქემა არ იცვლება
  • ვაისი გუნდში კარგ განწყობას ქმნის, მაგრამ სუსტი ტაქტიკოსია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სულ რაღაც 7-დღიან მონაკვეთში სამი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ყველაზე მთავარი ბელარუსთან დაპირისპირება იყო, რომელიც გუნდმა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში გავიდა. სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩებში კი ვლადიმირ ვაისის გუნდის მისია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და B დივიზიონში გადასვლაა. ეს ორივე შეხვედრა საქართველომ ფრედ დაასრულა (სომხეთთან 2:2, სკოპიეში 1:1).

რა დაგვანახა ამ თამაშებმა?

შედეგი უკეთესი უნდა ყოფილიყო

როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკური მიზეზების გამო, ბელარუსთან შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ თამაშის შედეგი განსაზღვრავდა, თუ რამდენად დადებითად ან უარყოფითად შეიძლება შეფასებულიყო საქართველოს ნაკრების გამოსვლა. ბელარუსთან მოგების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი შეიძლება კარგია, თუმცა ბევრად მეტიც შეიძლებოდა.

სომხეთთან და მაკედონიასთან საქართველომ ორი მოსაგები თამაში ვერ მოიგო. თუ იმას გავიხსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მანამდე ბელარუსთანაც საკმაოდ დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ბურთით გაიმარჯვა და თამაშის შედეგი ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არ იყო, ეროვნული ნაკრებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ტენდენცია იკვეთება - გუნდს უპირატესობის შედეგად გარდაქმნა უჭირს.

გასაგებია ისიც, რომ ვაისმა ბელარუსის შემდეგ ორივე თამაშში როტაციას მიმართა და ძირითად შემადგენლობაში ჯერ 9, მერე კი მაკედონიასთან 7 კაცი შეცვალა. ამის მიუხედავად, ტენდენცია ნათელია: საქართველოს ნაკრებმა უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე ქულები მიიღო.

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან მატჩში - კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთთან და მაკედონიასთან შეხვედრებს საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთა ლიგა ნაკრებს პროგრესისთვის კარგ შესაძლებლობას აძლევს - შენი კლასის და დონის მეტოქეებს უპირისპირდები. მაშინ, როცა შესარჩევი ციკლი ჩვეულებრივ ისე არის ორგანიზებული, რომ მატჩების უმეტესობა ან ერთმნიშვნელოვნად ძლიერ, ან ერთმნიშვნელოვნად სუსტ გუნდებთან გიწევს. ამ პირობებში კი პროგრესი რთულია.

ამის გათვალისწინებით, ერთა ლიგის B დივიზიონში თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენზეა დამოკიდებული, ნაკრების ზრდა მაკედონიის და ესტონეთის ფონზე მოხდება, თუ, მაგალითად, სერბეთის და ავსტრიის.

რეალიზაციის პრობლემა

ის ფაქტი, რომ ეროვნულმა გუნდმა ორი ისეთი შეხვედრა ვერ მოიგო, რომელიც უნდა მოეგო და ბელარუსთანაც აშკარა უპირატესობის ფონზე, მხოლოდ ერთგოლიან უპირატესობას დასჯერდა, პირველ რიგში რეალიზაციის პრობლემაა. თითოეულ ამ შეხვედრაში, თუკი აშკარა საგოლე მომენტებს დავთვლით, საქართველოს მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა: 3 თამაშში საქართველომ 15 საგოლე მომენტი შექმნა, მეტოქეებს მხოლოდ 5 ასეთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ჯამში ეროვნულმა გუნდმა ოპონენტებზე მხოლოდ ერთი გოლით მეტი გაიტანა. მეტოქეებმა კი 5 საგოლე მომენტიდან 3 გოლის გატანა შეძლეს. სხვაობა აშკარაა - რეალიზაცია მოიკოჭლებს.

ამაზე ბელარუსთან მატჩის შემდეგაც ვწერდით და მართლაც ასე მოხდა: გამოუყენებელი მომენტების გამო მეტოქემ საქართველოს ნაკრები ორჯერ დასაჯა. მსაჯის აშკარა შეცდომა და მოგონილი პენალტი მაკედონიასთან თავის გასამართლებელ მიზეზად არ გამოდგება. მანამდე ნაკრებს რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სხვაობა ორბურთიანი გაეხადა და დაუშვილის ხელის ან მსაჯის შეცდომა-არშეცდომის იმედზე არ ყოფილიყო.

ერთ თამაშში საშუალო შედეგი 

ისე გამოვიდა, რომ საქართველომ სამივე თამაშში მეტოქეებს ყველა ძირითად პარამეტრში აჯობა (ბურთის ფლობა, დარტყმები კარში და კარისკენ), თუმცა ანგარიშში სხვაობა მხოლოდ მინიმალური იყო. მეტოქეებმა სამ თამაშში ნაკრების ჩარჩოში სულ რაღაც 7-ჯერ მოახვედრეს და 3 გოლი გაიტანეს, ვაისის გუნდს კი ორჯერ მეტი, 14 დარტყმა დასჭირდა 4 გოლის გასატანად.

სქემა

შემადგენლობა სამივე თამაშში იცვლებოდა, თუმცა არ იცვლებოდა სქემა. ნათელია, რომ ვაისისთვის 4-2-3-1 სქემა უალტერნატივოა. თუ უფრო დეტალურად შევხედავთ, სქემა ასე გამოიყურება: 4-2-1-2-1. ანუ, ვაისი ორი საყრდენის წინ ერთდროულად სამი შემტევის დაყენებას ერიდება და ურჩევნია, მათ წინ ისეთი ფეხბურთელი ყავდეს, რომელიც ხაზებს შორის ბევრს მოძრაობს, დინამიურია და ნახევარდაცვასაც ეხმარება და შეტევასააც. ეს როლი ჯერ ოთარ კიტეიშვილმა მოირგო, შემდეგ კი ვაკო გვილიამ.

ვაისის სქემა იმას განაპირობებს, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მეტად გარემარბების ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით უტევს. ამ სამ თამაშში საქართველოს შეტევების 75 პროცენტი სწორედ ფლანგებზე ნაწილდებოდა. თუმცა კიტეიშვილისგან განსხვავებით, რომელიც უფრო მეტად ნახევარდაცვას ეხმარებოდა, გვილიას უფრო მეტად გამოსდის თავისი პოზიიციიდან მეორე ტემპით შეტევაში ჩართვა. შედეგად, გვილია თამაშში 2 დარტყმას ასრულებს, რაც ნაკრებში საუკეთესო შედეგია ყაზაიშვილის შემდეგ (თამაშში 2.5 დარტყმა).

ეს სქემა იმასაც განაპირობებდა, რომ საქართველოს ნაკრები მოედნის ცენტრში და თავის ნახევარზე სივრცეებს ნაკლებად ტოვებდა.

გაშვებული გოლებიც უფრო ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო, ვიდრე სისტემურად გაუმართავი თამაშის. ეს არცაა გასაკვირი - სომხეთთან თამაშის წინ ვაისმა თითქმის მთელი დაცვის ხაზი შეცვალა, იგივე მოხდა მაკედონიასთანაც. პენალტებზე ვთქვით და თამაშიდან გაშვებული ერთადერთი გოლიც, რომელიც სომხეთმა მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, ახლადშექმნილი დაცვის ხაზის გაუმართაობის შედეგი იყო - ჯიღაურს, რომელიც ნომინალური მცველი საერთოდ არ არის, ფლანგზე მეტოქე გაექცა, კობახიძემ გადმოსვლა დააგვიანა და ნავალოვსკის კაცმა გაიტანა.

📺 სომხეთი 2:2 საქართველო [მიმოხილვა]

სქემა არ შეცვლილა, თუმცა ამ სამ თამაშში ჩვენ ამ სქემის ორი ვარიაცია ვიხილეთ: ე.წ. ყალბი ცხრიანის ტიპის მსუბუქი ფორვარდით (ოქრიაშვილი) ბელარუსის წინააღმდეგ და კლასიკური თავდამსხმელით (კაჭარავა, ქვილითაია) სომხეთის და მაკედონიის წინააღმდეგ.

ოქრიაშვილის ვარიანტმა კარგად იმუშავა, რადგან ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა და შემდეგ ღია სივრცეებში კონტრშეტევები უწევდა. თუმცა უცნობია, როგორ იმუშავებდა ეს სისტემა სივრცეების გარეშე მეტოქის მასირებული დაცვის პირობებში.

კლასიკური ფორვარდის შემთხვევაში კაჭარავა კარგად გამოიყურებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაციის პროცენტი მაღალი არ ჰქონდა და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, გოლიც შეაგდო, პროდუქტიული იყო და მუდამ ქმნიდა საგოლე მომენტებს. გიორგი ქვილითაია კი უფრო მეტად ფორმიდან ამოვარდნილად ჩანს და ბევრი მოძრაობის მიუხედავად, საგოლე მომენტებამდე არ მისულა. ეს სტატისტიკაშიც ჩანს: კაჭარავას თამაშში საშუალოდ 1.5 დარტყმა აქვს (გუნდში მესამე შედეგი ზემოხსენებული ყაზაიშვილის და გვილიას შემდეგ), ქვილითაიას კი - 0.3.

რთულად პროგნოზირებადია, თუ როგორ მოიქცევა ვაისი მაკედონიის წინააღმდეგ. ისევ მსუბუქი ფორვარდით ითამაშებს და უფრო მეტად კაჭარავას ენდობა. იმ ფონზე, რომ კვარაცხელია თავის ჩვეულ მარცხენა ფლანგზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, დიდია იმის ალბათობა, რომ ვაისი ხვიჩას ფლანგს აღარ შეუცვლის და შესაბამისად, თავდამსხმელის პოზიციაზე ყაზაიშვილს, ან ოქრიაშვილს გადაწევს.

ვაისი სუსტი ტაქტიკოსია

ვლადიმირ ვაისს ფედერაციამ საკმაოდ კარგი სამუშაო პირობები შეუქმნა. ის 2016 წლიდან გუნდშია, რამდენიმე შესარჩევი ციკლი ჩაატარა და მის ანგარიშზე 45 თამაშია. მოკლედ, გუნდს ვაისის ხელი უნდა ეტყობოდეს.

სლოვაკ სპეციალისტს ვერ წაართმევ, რომ გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები ნაკრებში ჩამოსვლაზე სხვადასხვა მიზეზით უარს აღარ ამბობენ და საქართველოს ნაკრები შეკრული გუნდის შთაბეჭილებას ტოვებს.

თუმცა, ტაქტიკური ასპექტით გუნდს მწვრთნელის ხელი ნაკლებად ეტყობა. ეს განსაკუთრებით შეტევაზე ითქმის, სადაც წლებია, რომ გუნდი შემტევების ინდივიდუალური ოსტატობის იმედადაა. გოლის გასატანად კვარაცხელიამ, ოქრიაშვილმა, ჩაკვეტაძემ ან ვინმე სხვამ, რამე ექსტრაორდინალური უნდა მოიფიქროს. ასე იყო ბელარუსთან, როცა კვარაცხელიას ინდივიდუალური თამაში ქმნიდა საგოლე მომენტებს და ასე იყო მაკედონიასთანაც, როცა ათკაციანი მეტოქის წინააღმდეგ თამაშში გარდატეხა ისევ და ისევ კვარაცხელიას შემოსვლამ შეიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარში

ამ ეტაპზე ეს გამოდის, იმიტომ, რომ ბელარუსის და მაკედონიის ტიპის მეტოქეებს ჩვენზე ნაკლები ტალანტი და ინდივიდუალიზმი აქვთ. თუმცა, თუ მომავალში ხარისხობრივი ზრდა გვინდა, სისტემური თამაში უნდა დავალაგოთ. არ ვიცი, ვაისის ხელში ეს რამდენად შესაძლებელია.

მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში თამაშში ასტრონომიულად ბევრი, საშუალოდ თამაშში 9.3 დრიბლინგი აქვს (5.3 შედეგიანი და 4 დაკარგვა). გასაგებია, რომ ხვიჩას ეს კომპონენტი ძალიან კარგად გამოსდის, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი რიცხვია. მაგალითად, ლეო მესის ბარსელონას პირველ სამ თამაშში საშუალოდ 4 დრიბლინგი ჰქონდა (2.3 შედეგიანი და 1.7 დაკარგვა). ისიც ვიცით, თუ რა მასშტაბით არის ბარსელონა დამოკიდებული მესიზე და აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალიზმი საქართველოს ნაკრებისთვის. მით უმეტეს, რომ კვარაცხელია გამონაკლისი არ არის: თამაშში საშუალოდ 5.3-ჯერ მიდის დრიბლინგში ვაკო ყაზაიშვილი და 3.5-ჯერ აკეთებდა ამას გიორგი ჩაკვეტაძე, როცა სისტემატიურად თამაშობდა.

ეს სტატისტიკაშიც აისახა: ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბოლო სამ თამაშში საქართველოს ნაკრები ბურთს მეტოქეებზე მეტს ფლობდა, მეტი საგოლე მომენტი შექმნა და კარშიც/კარისკენ ბევრად ხშირად ურტყამდა. თუმცა, თუ შევხედავთ, რომ სად იყო ბურთი და სად მიდიოდა თამაში, ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩვენს მესამედზე ზუსტად იმდენივე დროს ატარებდნენ, რამდენსაც ქართველი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე.

ანუ, არანაირი სისტემური და სათამაშო უპირატესობა არ გვქონია. ბურთი თანაბრად იყო საქართველოს და მეტოქის კარის სიახლოვეს, თუმცა ვაისის გუნდმა შემტევების ინდივიდუალური ტალანტის წყალობით, ბევრად მეტი მომენტი შექმნა.

გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია უფრო მეტი. რესურსით და ტალანტით ბოლო 10-15 წელიწადში ეს საუკეთესო გუნდია. თითქმის ყველა მოთამაშეს სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს, დიდი ხანია ეს ბირთვი ერთად თამაშობს, ვეტერანები, რომელთაც გუნდის ლიდერის ფუნქცია აქვთ (კანკავა, კაშია) კარგ ფორმაში არიან, ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია), თითქმის ყველა პოზიციაზე კონკურენციაა და ამ პირობებში ბევრად მეტის მოლოდინის უფლება გვაქვს. ამ ნაკრებს ხარისხობრივად ბევრად უკეთესი ფეხბურთის თამაში შეუძლია. შედეგები ჯერჯერობით მისაღებია და წინ მთავარი თამაშია მაკედონიასთან, თუმცა ხარისხობრივი ზრდის გარეშე, ნაკრები განვითარების ახალ საფეხურზე ვერ გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები