Thumbnail
  • 'იტუდისმა ისიც კი სცადა, რომ თორნიკე მე-5 ნომრის პოზიციაზე დაეყენებინა'
  • Sports.ru-ს აზრით, ქართველ კალათბურთელს არატიპური თამაშის სტილი აქვს

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტამბოლში ფენერბაჰჩეს ოვერტაიმში 78:77 სძლია და მართალია, ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (8 ქულა, 8 მოხსნა), რუსულ პრესაში უკვე გაჩნდა აზრი, რომ მოსკოვური გრანდი თოკოს პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს. როგორც Sports.ru წერს, ცსკა-ს ბერძენ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს ექსპერიმენტის ჩატარებაც კი მოუხდა, რათა შენგელიასგან შესაბამისი სარგებელი ენახა.

“ქართველი კალათბურთელი მე-3 მეოთხედში მოედანზე არ გამოჩენილა და ოვერტაიმის რამდენიმე საკვანძო ეპიზოდშიც სათადარიგოთა სკამზე იყო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ლოგიკურიც გახლდათ: შენგელიამ შორი დისტანციიდან 4-ვე სროლა ააცილა და როდესაც ფენერბაჰჩემ დაინახა, რომ ის პერიმეტრიდან საფრთხეს არ წარმოადგენდა, შეტევაში ცსკა-ს პოტენციალიც შეიზღუდა – ვესელი დემონსტრაციულად ტოვებდა შენგელიას მოედნის კუთხესთან ცარიელს და ფარქვეშ შესვლის საშუალებას არ აძლევდა. იტუდისმა ისიც კი სცადა, რომ თორნიკე მე-5 ნომრის პოზიციაზე ეთამაშებინა და ჯონათან ჰემილტონს დაუყენა, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ქართველისთვის მოედანზე ადგილი მოეძებნა. თუმცა, ცხადი იყო, რომ ჯერ კიდევ მძიმე ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ 3 დაბალით თამაში სჯობდა, უნივერსალური კლაიბერნით, ფოიგტმანითა და ბოლომბოით. საბოლოო ჯამში, შენგელიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და მოგებაშიც კი მიიღო მონაწილეობა: ძირითადი დროის ბოლო წამებზე შეტევაში 2 მოხსნა განახორციელა და საჯარიმოები ჩააგდო. სხვა საქმეა, რომ ცსკა-ს შეტევები ძირითადად 2 ფაქტორის გამო შეფერხდა: პირველი ქართველი კალათბურთელის არატიპური თამაშის სტილია, მეორეც კი ის, რომ გუნდი მისი ძლიერი თვისებების გამოყენებას ვერ ახერხებს”.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ახალ სეზონში ცსკა-ს 2 მოგება და 1 მარცხი გააჩნია და ჯერჯერობით, მისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს, შინ, ბერლინის ალბასთან გამართავს. კონკრეტულად შენგელიას გასულ სამ შეხვედრაში ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 10.3 ქულა, 8.3 მოხსნა, 2.3 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.

კომენტარები

ბოლო ამბები