Thumbnail
  • 'თბილისის ქუჩებში რაც მოხდა, ჩვენთან რომ ყოფილიყო, ყველას ციხეში ჩასვამდნენ'
  • 'ხვიჩა კვარაცხელია ძალიან სწრაფად იზრდება, მან ბარსელონაში უნდა ითამაშოს'
  • ალეკსეი ანდრონოვმა და ალეკსანდრ შმურნოვმა ქართულ ფეხბურთზე ისაუბრეს

ცნობილმა რუსმა კომენტატორებმა ალეკსეი ანდრონოვმა და ალეკსანდრ შმურნოვმა ტრადიციულ იუთუბ-გადაცემაში Дерби 2.0 ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრეს. განსაკუთრებით ემოციური ანდრონოვი იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვება მიულოცა და ეს, ბელარუსების მიმართ უცენზურო ჟესტების თანხლებით გააკეთა. ალეკსეის გაცხარების მიზეზი ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები და მისი აზრით, ფეხბურთელების უმსგავსო საქციელი გახლდათ. რუსი კომენტატირების მოსმენა ქართველი ქომაგებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

ალეკსეი ანდრონოვი: “ერთადერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში მოხდა, ისაა, რაც საქართველომ გააკეთა. პირველ რიგში, ის, რომ ბელარუსის ნაკრებს ასე უქნეს (ამ დროს უცენზურო ჟესტი გააკეთა), ძალიან კარგია. იმიტომ, რომ მათ გააგდეს სტანისლავ დრაგუნი, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც რეპრესიების, ხალხის ცემისა და მათი ციხეში ჩაყრის წინააღმდეგი გამოვიდა. გაუშვეს მასაჟისტიც, რომელმაც პროტესტის ასევე გამოთქვა. მათ საპროტესტო ლენტებიც კი არ გაიკეთეს და ესეც თქვენ (ისევ იმავე ჟესტს იმეორებს), ხომ წააგეთ ალბანეთთან და ახლა – საქართველოსთან. საქართველოს გაუმარდჟოს! მე ქართულ ფეხბურთს 5 წლის ასაკიდან ვქომაგობ. საქართველოს ასეთი შანსი პირველად აქვს. როდესაც ეს ერთა ლიგა დაიწყო, მე ვლადიმირ ვაისს ვესაუბრე და ვუთხარი, “თქვენ შანსი გაქვთ”. მან გაიცინა და მითხრა, “კარგი რა, ლიოშა, რა შანსზე საუბრობ?”. ვუპასუხე “ქუჩაში გასვლის”. და ახლა მათ ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი რჩებათ, ერთი ნაბიჯი. შენ თუ ნახე რა ხდებოდა ქუჩებში მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები მატჩზე მიდიოდა? ასეთი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო, ყველას ციხეში ჩასვამდნენ. იქ მაშხალებისა და ბოლის გამო არაფერი არ ჩანდა. ჩვენ ვადიდებთ საქართველოს!”.

საუბარში ჩაერთო გადაცემის მე-2 წამყვანიც, რომელმაც საქართველოზე საუბარი გააგრძელა.

ალექსანდრ შმურნოვი: “ქართული ფეხბურთი ახლა იმითაა საინტერესო, რომ ძალიან სწრაფად იზრდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც უდავოდ ვარსკვლავები გახდებიან. მათ შორის, ისინი რუსეთის ჩემპიონატშიც არიან. განსაკუთრებით მიხარია ხვიჩას თამაში, რომელიც უკვე ეროვნულ ნაკრებში აიყვანეს და ჩემი აზრით, ალბათ, უკვე ბარსელონაში უნდა გადავიდეს. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ხილვა უდავოდ მინდა, რადგანაც ყველაფერთან ერთად, ეს, ქვეყანაში ფეხბურთის კიდევ ერთი აფეთქება იქნება, ისევე, როგორც, ბოლო პერიოდში – უნგრეთში”.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით სძლია, გადამწყვეტი მატჩი კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ელის. ეს თამაში 12 ნოემბერს თბილისში “დინამო არენაზე” ჩატარდება და თუკი ქართველმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები