Thumbnail

მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდოს კოვიდ-19 დაუდასტურდა, სერია A-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ვირუსი 9 კლუბშია დაფიქსირებული - აქედან, ჯენოას სიტუაცია ყველაზე მძიმეა, რადგან იქ კორონავირუსი 14 ფეხბურთელს და 5 თანამშრომელს აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაატარებს თუ არა ჯენოა კალენდარულ მატჩს ვერონასთან, რომელიც ორშაბათსაა დაგეგმილი.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა მილანური დერბის ჩატარება, რომელსაც საფეხბურთო იტალია 17 ოქტომბერს ელოდება. საერთო ჯამში, მილანურ გრანდებს 8 ფეხბურთელი ჰყავთ ინფიცირებული - 6 ინტერს და 2 მილანს.

ამასობაში, იტალიის ნაკრების შემტევს სტეფან ელ შაარავის კორონავირუსი მაინც არ დაუდასტურდა. სანაკრებო შეკრებაზე მისი პირველი ტესტის პასუხი დადებითი იყო, მაგრამ განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 წლის ელ შაარავი ინფიცირებული არ არის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები