Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში ოთხი ახალი მწვრთნელია, რომელთაგანაც სამი უშუალოდ საფრანგეთის შეკრებიდან შეუერთდა გუნდს, მათ შორის არის დევიდ ჰემფრიზი. ჰემფრიზი ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბეა, მას ლონდონ აირიშში და ალსთერში უთამაშია. ის ალსთერსა და გლოსტერს წვრთნიდა. "ბორჯღალოსნებში" ის ლევან მაისაშვილის კონსულტანტი იქნება. ჰემფრიზმა BBC-ის კომენტარი მისცა.

დევიდ ჰემფრიზი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კონსულტანტი): "ეს სამუშაო მოულოდნელად გაჩნდა - "შემოდგომის ერთა თასზე" თავიდან საქართველოს მონაწილეობა არ ივარაუდებოდა, თუმცა იაპონიამ ასპარეზობა ვერ შეძლო და ის საქართველომ ჩაანაცვლა. საქართველო რეიტინგში TOP 10-ის მიღმაა, მისთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ნაკრებებთან თამაში. 
ნილს და მე დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს, საქართველოს ნაკრებს დავხმარებოდით. ნილ დოკი შესანიშნავი სპეციალისტია, ის საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგება. ნილს შეუძლია, გუნდი გარდაქმნას და ის შემტევი გახადოს, ეს სწორედ ის არის, რაც საქართველოს სჭირდება. საქართველოს ნაკრებს მშვენიერი დაცვის თამაში შეუძლია და სტატიკაშიც ძლიერია. ერთი, რაც მათ სჭირდებათ, შეტევაში მომატებაა. ნილ დოკს ამის გაკეთება შეუძლია და დარწმუნებული ვარ, ქართველი მორაგბეები ამას თავად იხილავენ. 

ასეთ მცირე დროში ყველაფერს ვერ შევცვლით, მაგრამ შესაძლებელია ორი-სამი კომპონენტის დახვეწა. ჩემი მთავარი საზრუნავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის დახმარებაა. ჩემი მოვალეობა იქნება მეტოქე გუნდებზე სრული ინფორმაციის მოძიება. საქართველო მეორე დონის სარაგბო ქვეყნად ითვლება, მაგრამ მას დიდი ამბიციები აქვს. მათი სურვილია, ოდესმე გაფართოებულ ექვს ერს შეუერთდნენ.

საქართველოში რაგბი ძალიან პოპულარულია, მოწინავე ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ტოპდივიზიონებში თამაშობენ. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოადგება ეროვნულ ნაკრებს. ამ ყველაფერს დრო უნდა, საერთაშორისო სპორტში ერთი ხელის მოსმით არაფერი კეთდება. ახლა საქართველო ელიტისკენ პირველ ნაბიჯს დგამს, მსოფლიოს თასს მიღმაც გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ კონკურენტუნარიანია და გაზრდა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ლევან მაისაშვილის შტაბს ოთხი სპეციალისტი დაემატა: დევიდ ჰემფრიზი, ნილ დოკი და სებასტიან ბრუნო საფრანგეთში შეუერთდნენ ნაკრებს, ხოლო კელვინ მორისი გუნდს უშუალოდ "შემოდგომის ერთა თასის" წინ შეუერთდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები