Thumbnail

ჟირუს დუბლი და ქამბექი 8 წუთში - ჩელსიმ სტუმრად საუთჰემპტონი არ გაახარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მარკ ჰიუზის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა 20 წუთის განმავლობაში ვერ შეინარჩუნა.
  • ანტონიო კონტე შერცხვენას შეცვლაზე შესულმა ოლივიე ჟირუმ გადაარჩინა.
  • ჩელსის მოტივაცია აღარ აქვს, მაგრამ ჟინი ჯერ კიდევ შერჩენია.  

საუთჰემპტონი 2:3 ჩელსი

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის სასტარტო მატჩში საუთჰემპტონმა საკუთარ მოედანზე ჩელსი მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, შეხვედრის უკანასკნელ 20 წუთში სამი გოლი გაუშვა და დამარცხდა.
 
"სენტ მერიზე" მატჩის გმირი კი, ალვარო მორატას ნაცვლად, მოედანზე 61-ე წუთზე შესული ოლივიე ჟირუ გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა. ფრანგმა ყველას უჩვენა, რამდენად პროდუქტიულია ესპანელთან შედარებით და ამ უკანასკნელს, ალბათ, ჩელსის ძირითადში კარი დაუხურა.

ოლივიე ჟირუს პრემიერლიგაში ცვლილებაზე გატანილი 19 გოლი დაუგროვდა, მასზე მეტი ტურნირის ისტორიაში მხოლოდ ჯერმეინ დეფოს აქვს - 23. 

მიმდინარე პრემიერლიგაში საუთჰემპტონმა სულ ხუთჯერ მოიგო, ბოლო 19 მატჩში კი - ერთხელ. გასავარდნ ზონაში აღმოჩენილ “წმინდანებს” ამჯერად მოქმედი ჩემპიონი ესტუმრათ და მარკ ჰიუზის გუნდსაც გამარჯვებისთვის ყველა პირობა ჰქონდა - 70-ე წუთამდე დაცვაში საიმედოდ თამაშობდა და თან თავისი ორი მომენტის რეალიზებაც მოასწრო. 

პირველ ტაიმში დუშან ტადიჩი გამოირჩა, რომელსაც 21-ე წუთზე იდეალური პასი ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა რაიან ბერტრანდმა გაუკეთა.

სერბი ნახევარმცველის გოლმა მასპინძლებს ქულების მოპოვების იმედი ამაოდ ჩაუსახა

შესვენების შემდეგ კი, როდესაც კონტეს გუნდი მასპინძელთა წნეხში მოქცევას ცდილობდა, იან ბედნარეკმა საჯარიმოს შემდეგ “ლურჯების” კარში მეორე გოლი შეაგდო.

მაგრამ ჩელსიმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს დიდი ალბათობით ვეღარ შეწვდება, მატჩი მაინც შემოატრიალა. ჯერ იყო და, 70-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან მარკოს ალონსოს ჩაწოდებულს ჟირუმ თავი ეფექტურად შეაგება. 

32 წლის ფრანგმა მიმდინარე პრემიერლიგაში 6 გოლი გაიტანა

აქედან ხუთ წუთში ვილიანის გამჭოლი პასი ედენ აზარმა ახლო მანძილიდან უძლიერი დარტყმით აქცია გოლად.

ედენ აზარის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩელსის მაისურით გატანილი 69 გოლია. ლონდონურ კლუბში მასზე მეტი მხოლოდ ფრენკ ლამპარდსა (147) და დიდიე დროგბას (104) გაუტანიათ.

მომხდარით გაბრუებული მასპინძლები 78-ე წუთზე ისევ ჟირუმ არცთუ სასიამოვნოდ გამოაფხიზლა და საბოლოო ანგარიშიც იქ დაფიქსირდა. 

ფაქტია, ლონდონის ჩელსი, რომელსაც პრაქტიკულად დაკარგული აქვს პირველ ოთხეულში მოხვედრის შანსი, ჯერ კიდევ შერჩენია ის ხასიათი და ჟინი, რამაც წინა სეზონში ის ჩემპიონად აქცია.

საუთჰემპტონის მდგომაროება კი მძიმე რჩება. ჰიუზის გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და ოთხივეში 3-3 გოლი გაუშვა, მოუგებელი სერია კი 7 მატჩამდე გაუგრძელდა.  

მატჩის შემდეგ

ოლივიე ჟირუ: "მეტოქის კარში გატანას ხშირად ვცდილობდი. ძალიან მინდოდა დავხმარებოდი გუნდს თამაშის ბედის მეორე ტაიმში შემობრუნებაში. ძლიერი ხასიათი და გუნდური სული გამოვავლინეთ".

ანტონიო კონტე: "კარგი გამარჯვება გამოვიდა. მნიშვნელოვანი მგონია, რომ გუნდმა მეორე ტაიმში ხასიათი, ჟინი და მონდომება აჩვენა. პირველ ნახევარში არცთუ კარგად ვირჯებოდით, მეტოქემ კი თამაშის ტემპს უფრო აუღო ალღო და ამაში დამნაშავე მწვრთნელია. მთავარია, ყოველ თამაშში ვიბრძოდეთ ბოლომდე, სეზონი რაც შეიძლება კარგად უნდა დავასრულოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები