Thumbnail
  • ლეიკერსმა ჩემპიონობა ტრადიციული თამაშით - დაცვის და ათლეტიზმის ხარჯზე მოიპოვა
  • ფრენკ ვოგელს თამაშის გადაწყობა ძალიან კარგად გამოსდიოდა
  • ლებრონ ჯეიმსი გუნდში გამოცდილ კადრებს ენდო
  • ენტონი დევისი ჯეიმსის იდეალური თანაგუნდელია
  • ლებრონმა თავისი თამაში შეცვალა - ის უფრო მეტად გამთამაშებელია

ლეიკერსი ჩემპიონია. ეს უნდა მომხდარიყო. თუნდაც იმიტომ, რომ 10 წელი ბეჭდების გარეშე ლეიკერსისთვის ზედმეტად ბევრია. თუნდაც იმიტომ, რომ საკალათბურთო ღმერთები (შეგიძლიათ, პირდაპირ კობი ბრაიანტი იგულისხმოთ) ლეიკერსისკენ იყვნენ; თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის 36 წლის მეფე ლებრონს კიდევ ერთი მეფური სიტყვა უნდა ეთქვა; თუნდაც იმიტომ, რომ დრო იყო, ლიგას ენტონი დევისის სახით ახალი სუპერვარსკვლავი ჰყოლოდა.

ამ ყველაფერს უფრო დეტალურად გავყვეთ. რატომ და როგორ გახდა ლეიკერსი ჩემპიონი?

ძველი სტილის ჩემპიონი

თუკი გოლდენ სტეიტმა და ჰიუსტონმა საკალათბურთო რევოლუცია მოახდინეს, წელს ლეიკერსის და შარშან ტორონტოს ჩემპიონობას, შეიძლება, კონტრრევოლუცია ვუწოდოთ.

გოლდენ სტეიტმა ლიგაში ახალი თამაში დაამკვიდრა: ბევრი სამიანები, აქცენტი არა სიმაღლეზე, არამედ მოძრაობაზე, დაბალი ხუთეულები ცენტრის გარეშე და შეტევაში კომბინაციური თამაში, რომელსაც ვერცერთი დაცვა ვერ აჩერებდა. ეს ტენდენცია მთელმა ლიგამ აითვისა. დღეს NBA-ში აბსოლუტურად განსხვავებული თამაში გვაქვს.

კალათბურთი ასე ვითარდება, თუმცა ორი წელია, NBA-ს ძველი სტილის ჩემპიონი ყავს. ჯერ ტორონტომ მოიგო ჩემპიონობა კავაი ლეონარდის გრძელი ორქულიანებით, გასოლის, სიაკამის და იბაკას ათლეტიზმისა და გაბარიტების წყალობით, წელს კი ლეიკერსმა კიდევ უფრო მაღალი, ათლეტური და ჯანიანი გუნდი შექმნა.

ლეიკერსს, ფაქტობრივად, ერთდროულად ორი ცენტრი ჰყავდა, მათ გვერდით კი დამატებით სუპერათლეტური ლებრონ ჯეიმსი. ფრენკ ვოგელის გუნდი შეიქმნა იმ ტრადიციული მოდელის მიხედვით, რომ დაცვა იგებს ჩემპიონატებს.

ვოგელი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი სპეციალისტია

დევისი-ლებრონის დუეტის მიუხედავად, ლეიკერსზე წლების შემდეგ არ იტყვიან, რომ ეს გუნდი ისტორიას თავისი ინოვაციური შეტევით შემორჩა. კალიფონიელები 100 პოზიციაზე 112 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზე იყვნენ ლიგაში და ბოლო ათეულში იყვნენ ჩაგდებული სამქულიანების მიხედვით. და ეს იმის მიუხედავად, რომ ლებრონი ლიგაში ყველაზე მაგრად ქმნის თანაგუნდელებისთვის პერიმეტრიდან სროლებს.

ლეიკერსი უფრო ‘ძველი სტილით’ უტევდა და აქცენტს ფარის სიახლოვიდან შეტევაზე აკეთებდა - მეორე იყო მთელს ლიგაში სამწამიანიდან ნასროლი ტყორცნების რაოდენობით, ხოლო პირველი ამ სროლების სიზუსტით.

ლეიკერსის დაცვა ერთ-ერთი საუკეთესო იყო NBA-ს თანამედროვე ისტორიაში. საქმე მხოლოდ 100 პოზიციაზე მიღებულ 106.3 ქულაში არ არის (მეოთხე ადგილი ლიგაში). ამ გუნდის სამწამიანში შესვლას აზრი უბრალოდ არ ჰქონდა - იქ წლის (ერთ-ერთი) საუკეთესო დამცველი ენტონი დევისი და უკვე ვეტერანი, თუმცა დაცვის აღიარებული სპეციალისტი დუაიტ ჰოვარდი თამაშობდნენ.

კალიფორნიელებს დანარჩენ პოზიციებზე ასევე ის მოთამაშეები ჰყავდათ, რომელთაც დაცვა ეხერხებათ - დენი გრინს, რაჟონ რონდოს, ალექს კარუზოს, კოლდუელ პოუპს და მარკიფ მორისს თავის პოზიციებზე დაცვა ძალიან მაგრად შეუძლიათ.

ეს შეგიძლიათ ფინალში მაიამის ჰკითხოთ. ‘ჰიტი’ ლიგაში მეექვსე იყო ნასროლი სამქულიანების რაოდენობით და მეორე მათი სიზუსტით, ლეიკერსთან კი ყველა თამაშში მეტოქეზე ცუდად ისროდნენ. ეს არა იმიტომ, რომ ლეიკერსმა უცებ სამქულიანების სროლა ჩვეულებრივზე ბევრად უკეთ დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ კალიფორნიელთა დაცვამ მათ უბრალოდ გასაქანი არ მისცა. გადამწყვეტი მეოთხე და მეექვსე თამაშებიც ლეიკერსმა პირველ რიგში სწორედ დაცვით მოიგო - მეტოქეს 96 და 93 ქულა ჩააგდებინა, თორემ თვითონ თანამედროვე საკალათბურთო სტანდარტით არცთუ ისე ბევრი - 102 და 106 ქულა ჩააგდო.

📺 გადამწყვეტი მატჩის მიმოხილვა 

ლეიკერსს ჰყავდა გუნდი, რომელიც მეტოქეს თავისი აგრესიის, ათლეტიზმის და გაბარიტების წყალობით მთელ მოედანზე ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. თუკი გოლდენ სტეიტი თავისი დახვეწილი და ზუსტი მექანიზმით ‘როლექსი’ იყო, ლოს ანჯელესში საკალათბურთო ტანკი შექმნეს.

ხასიათს ფულით ვერ იყიდი

ლებრონი, რომელიც რეალურად ლეიკერსის გენერალურ მენეჯერობასაც ითავსებს, ტრადიციული გზით წავიდა და ისე მოიქცა, როგორც 10-20 წლის წინ საჩემპიონო გუნდებს აშენებდნენ. გუნდში საჩემპიონო და პლეიოფური გამოცდილების მქონე ვეტერანები მიიყვანა. რაჟონ რონდოს, ჯავეილ მაკგის, ჯეი არ სმიტს და დენი გრინს საჩემპიონო გამოცდილება აქვთ, აღარაფერს ვიტყვი თავად ლებრონზე, დუაიტ ჰოვარდს პლეი ოფებში ბევრი წელი უომია. ანუ, ლეიკერსს ჰქონდა ის, რაც მის კონკურენტებს აკლდათ - ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციები.

გუნდების ხასიათი განსაკუთრებით ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა და ‘ბაბლის’ გარემომ გატესტა. ამ პირობებში ლეიკერსმა ყველას აჩვენა, რომ საჩემპიონო ხასიათი აქვს. მაშინ, როცა მისი უპირველესი კონკურენტი კლიპერსი მოთამაშეებს ‘ბაბლისთვის’ ძლივს აგროვებდა და შიდა გარჩევებით იყო დაკავებული, ხოლო მილუოკი პროვინციული გამოუცდელობის კომპლექსით იტანჯებოდა, ლეიკერსში ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შედეგად, ზედიზედ სამი ძალიან დომინანტურად, 4:1-ზე მოგებული სერია და სუპერფინალში 4:2. ეჭვი არავის შეპარვია, რომ კალიფორნიული გრანდი პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა თითოეულ სერიას.

წაიკითხე | რამ განაპირობა კლიპერსის კატასტროფა - ლოს ანჯელესში ცვლილებები იქნება

ეს ბუნებრივიცაა. მოთამაშეების გარდა, ამ გუნდს უდიდესი ორგანიზაციული გამოცდილება აქვს. როცა შენი ლეგენდა კობი ბრაიანტია, ხოლო შენი კონკურენტების - ლამარ ოდომი და ელტონ ბრენდი, გასაგებია, რომ ჩემპიონობა, როგორ უნდა მოიგო, უკეთ იცი.

სიმბოლური იყო, რომ ფინალამდე კიდევ ერთი საჩემპიონო ხასიათის და გამოცდილების მქონე ორგანიზაცია მაიამი ჰიტი მივიდა და ლეიკერსიც ყველაზე მეტად სწორედ ფლორიდელებმა აწვალეს.

კლიპერსის სტივენ ბალმორი ლიგაში ყველაზე მდიდარი მფლობელია, მაგრამ ერთი ცნობილი რეკლამის არ იყოს, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი...

ჩემპიონური მრავალფეროვნება

პლეი ოფს მრავალფეროვნება იგებს, იმის უნარი, რომ თამაშიდან თამაშამდე შენი გუნდის გადაწყობა შეგეძლოს. ლეიკერსი პლეი ოფში სრულიად განსხვავებულ გუნდებს დაუპირისპირდა და თითოეულ მათგანს თავისი გასაღები მოარგო.

ვოგელს ერთნაირი წარმატებით გამოსდიოდა ეთამაშა ორი ცენტრით და ძალიან მძიმე და მაღალი გუნდით, ან დაესვა სკამზე დუაიტ ჰოვარდი და მობილური ცენტრით, ენტონი დევისით, მსუბუქ ხუთეულზე გადაწყობილიყო.

ჰოვარდი ჩემპიონი მაინც გახდა - ვარსკვლავის არა, მაგრამ რიგითის სტატუსით

ჰიუსტონის დაბალ ხუთეულთან პირველი წაგებული თამაშის შემდეგ, ვოგელმა ჰოვარდი დასვა, დევისი ცენტრზე გადაწია და მეტოქეს მისსავე საყვარელ თამაშში ზედიზედ ოთხჯერ უშანსოდ მოუგო.

ათლეტურ და გაბარიტულ დენვერთან, რომელსაც ნიკოლა იოკიჩი ჰყავს, პირიქით, ვოგელის გუნდი აქცენტს მაქსიმალურად აკეთებდა სიმაღლეზე და ჰოვარდი-დევისის ტანდემზე.

ფინალებში მაიამის მსუბუქ ხუთეულთან, ჰოვარდს 70 წუთში გუნდში ყველაზე უარესი შედეგი -10.8 ჰქონდა, შედეგად სერიის დიდი ნაწილი მან სკამზე გაატარა. იმ 98 წუთში, რომელიც დევისმა ჰოვარდის გარეშე, ცენტრის პოზიციაზე ითამაშა, ლეიკერსს ასტრონომიული +33 დაუგროვდა.

შენიშვნა: დეტალური სტატისტიკა ითვალისწინებს სუპერფინალების მხოლოდ პირველი 5 თამაშის მონაცემებს.

მონსტრის დაბადება

‘ენტონი დევისი ის კაცია, რომელიც ‘მსუბუქი ხუთეულით’ თამაშს უაზრობად აქცევს’ - ასე იწყება ერთი კარგი სტატია. რა აზრი აქვს ‘მსუბუქი ხუთეულით’ თამაშს იმ კაცის წინააღმდეგ, რომელიც ფორვარდივით მობილური და მოძრავია, პერიმეტრზე თავის დაცვაც იცის და შეტევაც, ბურთს ‘გარდივით’ ფლობს და ამ ყველაფერთან ერთად, ნომინალური ცენტრის გაბარიტების პატრონია - 210 სანტიმეტრი სიმაღლე და ანომალიური 227 სანტიმეტრი ხელების სიგრძე (ე.წ. wingspan).

ანუ, მასთან სისწრაფეში უპირატესობა არ გაქვს, მოწინააღმდეგის ფართან კი ის თავისზე დაბალ და მსუბუქ მოთამაშეებს ძალიან ბრუტალურად უსწორდება. მაგალითად, მაიამიმ სუპერფინალის პირველ ორ თამაშში დევისის წინააღმდეგ ფორვარდი ჯეი კრაუდერი ათამაშა. საცოდაობა გამოვიდა - ორ თამაშში 66 ქულა ჩაუგდო ზუსტი სროლების 63 პროცენტით და 23 მოხსნა გააკეთა.

დევისს ამ სეზონამდე პლეი ოფში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, ამ სეზონმა კი ის სულ მცირე ლიგის საუკეთესო ხუთეულის, უფრო სწორად კი ალბათ სამეულის მოთამაშედ აქცია. ბევრი იმასაც ამბობს, რომ დევისი ამ ეტაპზე NBA-ში ყველაზე რთულად შესაჩერებელი მოთამაშეა. ბოლო 10 წელიწადში და მეტიც, ალბათ შაკილ ო'ნილის შემდეგ, ის საუკეთესო ‘დიდია’, რომელიც ყველა პოზიციიდან ყრის - შეუჩერებელია ფართან, აქვს საშუალო სროლა და პერიმეტრიდან როგორ ისვრის, ეს დენვერს უნდა კითხოთ.

 

დევისმა პლეი ოფი 28.2 ქულით, 9.5 მოხსნით და ზუსტი სროლების 57.9 პროცენტით დაასრულა. მისი და ლებრონის დუეტი პლეი ოფში საშუალოდ თამაშში 55 ქულას უდრიდა - ანუ, ლეიკერსის ქულების ნახევარს.

სულ უფრო და უფრო რთული ხდება მის წინააღმდეგ ორმაგი დაცვის თამაში, რადგან ის თავისი პოზიციის მოთამაშისთვის საკმაოდ კარგად ფლობს პასს. პლეი ოფში მას 3.5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ორჯერ მეტი, ვიდრე ნიუ ორლეანში ჩატარებულ პლეი ოფებში (1.8 თამაშში). ანუ, დევისი ამ კომპონენტშიც ვითარდება.

დევისი უნიკალური სუპერვარსკვლავია. ის ზუსტად ისევე იხარჯება დაცვაში, როგორც შეტევაში. სეზონის საუკეთესო მცველების გამოკითხვაში ის მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ იანის ანტეტოკუნმპოს ჩამორჩა. პლეი ოფში კიდევ უკეთესი იყო. ლეიკერსის დაცვა სწორედ ენტონი დევისზე იდგა.

ლეიკერსის ვარსკვლავი ყველა პოზიციას იცავს. ჰიუსტონის ულტრადაბალი ხუთეული მეტოქის ცენტრებს ვესტბრუკით უტევს და სისწრაფეში სხვაობის იმედი აქვს. დევისმა ვესტბრუკის წინააღმდეგ 78 პოზიცია ითამაშა, სულ 25 სროლის საშუალება მისცა, ისიც იმდენად რთული სროლების, რომ ვესტბრუკმა მხოლოდ 9 სროლა გამოიყენა.

სუპერფინალებში ლეიკერსი ჯიმი ბატლერმა გააწამა. მეორე თამაშში ‘ჯიმი ბაკეტსმა’ მაიამის 114 ქულიდან 57 შექმნა (თავისი ქულები + პასები), შემდეგ თამაშში კიდევ უფრო შორს წავიდა, 40 ქულა, სამმაგი დუბლი და ‘ჰიტის’ 115 ქულიდან 73 სწორედ ბატლერის შექმნილი იყო.

მეოთხე თამაშის წინ დევისმა გუნდელებს მოსთხოვა, რომ ბატლერს სწორედ ის დაიჭერდა. მეოთხე თამაშში ბატლერის სწრაფი 11 ქულის შემდეგ დევისი მართლაც მასზე გადაწიეს. იქამდე სამ თამაშში დევისს ბატლერის წინააღმდეგ მხოლოდ 16 პოზიცია ჰქონდა ნათამაშები. მეოთხე თამაშში 27 პოზიცია ითამაშა, მხოლოდ 7 სროლის საშუალება მისცა, საიდანაც ზუსტი 1 აღმოჩნდა. არადა ჯიმი ბატლერი ნომინალურად მსუბუქი ფორვარდია, თუმცა დევისისთვის მეტოქის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა პოზიციის წინააღმდეგ თავს ერთნაირად კარგად იცავს.

ჯილბერტ არენასი, სეზონის სტარტის წინ: "როცა პარკეტზე 208-სანტიმეტრიანი ლებრონი და 210-სანტიმეტრიანი დევისი გყავს, არ ვიცი, მეტოქეები თავს რატომ იტყუებენ, რა უნდა ქნან? ესენი ვინ უნდა შეაჩეროს?!"

მეფის სიტყვა

ბოლო ძალიან ბევრ წელიწადში პირველად, ამ სეზონს ლებრონ ჯეიმსი სკეპტიციზმის და ეჭვების ფონზე იწყებდა. კარიერაში 59 000-ზე მეტი ნათამაშები წუთის, წინა სეზონში მიღებული ტრავმის და გაცდენილი პლეი ოფის შემდეგ, ბევრს მიაჩნდა, რომ ლებრონი წამსვლელი ვარსკვლავია. ლებრონმა მიგვაჩვია, რომ ის ლიგაში უპირობოდ საუკეთესოა, ბოლო ორ სეზონში კი კევინ დურანტს, კავაი ლეონარდს და იანისს იმის ამბიცია გაუჩნდათ, რომ საუკეთესოები სწორედ ისინი იყვნენ. ამ სეზონში მეფე ჯეიმსს კიდევ ერთხელ მოუწია დამტკიცება, რომ ასაკის მიუხედავად, ლიგაში ის კვლავ ნომერი პირველია.

დენვერთან სერიის მეხუთე მატჩამდე სპეციალისტები ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ ჯეიმსის სტატისტიკა მეოთხე მეოთხედში უარესდებოდა და ამას ასაკის გამო დაღლით ხსნიდნენ. ამის შემდეგ ლებრონმა ჯერ მეოთხე მეოთხედში დენვერი 'დამარხა' და შემდეგ სუპერფინალებში საუკეთესო იყო სწორედ მატჩის გადამწყვეტ მომენტებში ჩაგდებული ქულების რაოდენობით. სრულიად დამსახურებულად MVP-იც ის გახდა.

 

თავად ლებრონმა ამ სეზონის რევანშის წელი უწოდა. ენტონი დევისის მოსვლამ ლოს ანჯელესში ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დევისი კალიფორნიელთა შეტევის ყველაზე მრისხანე იარაღია, ლეიკერსი ლებრონის გუნდად რჩება, სწორედ ის ქმნის ლეიკერსის თამაშს და ის ქმნის იდეალურ პირობებს ამ იარაღის (დევისი) გამოსაყენებლად. პლეი ოფში დევისი საშუალოდ თამაშში 3.1 პასს იღებდა ლებრონისგან - ანუ, ყველაზე მეტს და ყველაზე ხშირად იმ თანაგუნდელთა შორის, ვინც კი ჯეიმსს ოდესმე ჰყოლია.

ლებრონმა თავისი თამაში გადააწყო, უფრო მეტად გამთამაშებელია და სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს პერიმეტრზე. ლეიკერსისთვის ეს ბუნებრივი ამბავია. კალიფორნიელებს ნომინალური გამთამაშებელი ძირითად ხუთეულში არც ჰყავთ - ეს ლებრონის საქმეა. სწორედ ამიტომ, დი უეიდის მთელი სიდიადის და კაირი ირვინგის ჯადოქრობების მიუხედავად, სპეციალისტები და ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დევისი ლებრონის კარიერაში ყველაზე კომფორტული თანაგუნდელია. უეიდის ან კაირისგან განსხვავებით, ის სხვა ზონებში თამაშობს, ბურთის ჭერის და გათამაშების ამბიცია ნაკლებად აქვს და ლებრონს უფრო მეტად ავსებს, ვიდრე მის დუბლირებას ახდენს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც, როგორც აღვნიშნე, ლებრონი უფრო მეტ დროს ატარებს პერიმეტრზე და ნაკლებს სამწამიანში. 35 წლის ათლეტისთვის, თუნდაც ისეთი ფენომენისთვის, როგორიც ლებრონია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის რეჟიმი. სამწამიანში თამაშს ბევრი ენერგია და ბევრი ბრძოლა ჭირდება, პერიმეტრზე გამთამაშებლად კი ლებრონი მისი საკალთბურთო IQ-დან გამომდინარე, ალბათ კიდევ დიდხანს იქნება საუკეთესო.

დანქი გადამწყვეტ შეხვედრაში

ეს ყველაფერი აისახა ლებრონის სტატისტიკაზე: ამ სეზონში ის კარიერაში ყველაზე მეტ სამქულიანს ისვრის - თამაშში 6.3 (აქამდე 5.9-ზე მეტი არასოდეს უსვრია). თანაც ისე, რომ სროლის პროცენტი არ გაზრდია. მისი პერიმეტრიდან სროლები საშუალო 34.8 პროცენტით ზუსტია, კარიერაში მას ბევრად უკეთესი მაჩვენებლებიც ჰქონია (მაგ. 40.6 პროცენტი 2012-2013 წლებში). ანუ, ლებრონი უფრო მეტ სამქულიანს იმიტომ კი არ ისვრის, რომ უფრო ზუსტი გახდა, არამედ იმიტომ, რომ ენერგიას უფრთხილდება, უფრო ხშირად არის პერიმეტრზე და ლეიკერსს ის უფრო მეტად გამთამაშებლად სჭირდება.

აქედან გამომდინარე, ამ სეზონში მას თავის კარიერაში ყველაზე მეტი გადაცემა აქვს - საშუალოდ 10.2 პასი თამაშში, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. გამოდის, რომ მეფე ჯეიმსი ამ სეზონში ნომინალურ გამთამაშებლებზე მეტ პასს აკეთებს. როცა ის პარკეტზეა, თანაგუნდელების ქულების თითქმის ნახევარი (49.1 პროცენტი) მისი პასების შემდეგ გროვდება.

უფრო მეტიც: 2013-2014 წლების შემდეგ დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ლებრონი, რომელიც კარიერაში ყველაზე ცოტა, 34.6 წუთს თამაშობს, ყველაზე ხშირად ეხება ბურთს და ყველაზე მეტ დროს ატარებს ბურთთან ერთად. ის თანამედროვე ფორვარდ-გამთამაშებელია.

📺 ასე ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა ფინალის მეექვსე თამაშში

სათამაშო ზონის ცვლილებიდან გამომდინარე იკლო მის მიერ ნასროლმა ჯარიმების რაოდენობამ. ამ სეზონში ლებრონი კარიერაში ყველაზე ცოტა - თამაშში 5.7 ჯარიმას ისროდა. არადა კარიერის პირველ ნახევარში თამაშში 10 ჯარიმამდეც ადიოდა. პლეი ოფში მან ჯარიმების რაოდენობას მოუმატა (7.3 თამაშში), თუმცა ამის მიუხედავად, ტენდენცია ნათელია - ლებრონი, რომლის პირველი ნაბიჯი წლების მომატებასთან ერთად ისეთი ფეთქებადი აღარ არის, შედარებით უფრო იშვიათად ცდილობს სამწამიანში შესვლას და ჯარიმების რაოდენობაც კლებულობს.

სამაგიეროდ, ლებრონმა სხვა საშუალება იპოვა იოლი ქულების ჩასაყრელად. ე.წ. Fast Break, ანუ მეტოქის დაკარგვის შემდეგ ღია სივრცეში შეტევის დროს ლებრონი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლეიკერსის დაცვა მას საშუალებას აძლევდა, რომ ძალიან ხშირად შეეტია სწორედ ‘Fast Break-ით’. პლეი ოფში ლებრონი თავისი ქულების 20 პროცენტს სწორედ ასე აგროვებდა. ამ მაჩვენებელთან ვერცერთი სხვა მოთამაშე ახლოსაც ვერ მივა.

ლებრონის სწრაფი გარღვევა

სწორედ ლებრონის ფაქტორის წყალობით მძიმე და ათლეტური ლეიკერსი ძალიან სახიფათო გახდა სწრაფ თამაშში, მაშინ, როცა მეტოქე ბურთს კარგავს. სივრცეში სწრაფი შეტევის დროს მეტოქის დაცვას ლებრონის წინააღმდეგ უბრალოდ შანსი არ აქვს. შედეგად, პლეი ოფში ლებრონის სროლების 65 პროცენტი ისევ სამწამიანიდან სრულდება, თუმცა მას სამწამიანში მოხვედრისთვის უფრო იოლი და ნაკლებად დამღლელი გზა იპოვა.

მეფე ჯეიმსი კვლავ ლიგის საუკეთესო კალათბურთელია. ის უბრალოდ ცოტა სხვანაირად თამაშობს.

ჯიმი ბატლერი: ‘უკვე დიდი ხანია ასეა: ჩემპიონობა თუ გინდა, ლებრონის გუნდს უნდა მოუგო.’

რონდოს ფაქტორი და დამხმარე ჯგუფი

ვინ არის ლეიკერსის მესამე კაცი? გააჩნია თამაშს და საღამოს. ლეიკერსის რიგითები ამ როლს და ფუნქციას თავის თავზე რიგ-რიგობით, სიტუაციურად იღებდნენ.

არავინ დავობდა, რომ ლებრონი-დევისის დუეტი NBA-ში საუკეთესოა. მთავარი კითხვები კალიფორნიელებთან მიმართებაში ამ დუეტის ‘დამხმარე ჯგუფს’ ეხებოდა. ვინ იქნებოდა შეტევაში მესამე ოპცია? ვინ გაათამაშებდა ბურთს, როდესაც ლებრონი პარკეტზე არ არის? ვინ გაამართლებდა მსროლელებიდან?

ლეიკერსის წარმატება მის დამხმარეებზე დიდწილად იყო დამოკიდებული. სუპერფინალების მეხუთე თამაშში ლებრონი-დევისის დუეტმა 68 ქულა ჩააგდო, თუმცა დანარჩენმა გუნდმა ჯამში სულ 40 ქულა გააკეთა და 46-დან 14 სროლა გამოიყენა. ლეიკერსმა წააგო. არა იმიტომ, რომ ჯიმი ბატლერი თავისი ჰეროიკული თამაშის მიუხედავად, ლებრონზე უფრო შედეგიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მაიამის ‘დამხმარე ჯგუფმა’ ლეიკერსის რიგითები დაჩაგრა. მეექვსე თამაშში პირიქით მოხდა: ლებრონი-დევისის დუეტს ‘სულ რაღაც’ 47 ქულა ჰქონდა, დანარჩენ გუნდს კი - 59 და ლეიკერსმა იოლად მოიგო. მოკლედ, ამ ხალხზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

რონდო ლეიკერსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 'რიგითი' იყო

ლეიკერსის პრობლემების ნაწილი პლეი ოფში ტრავმის შემდეგ რაჟონ რონდოს ფაქტორმა გადაწყვიტა. რონდომ მეორე გამთამაშებლის როლი და ლებრონის არყოფნის დროს თამაშის გაძღოლა აიღო თავის თავზე. ლეიკერსს ამ როლის შემსრულებელი ძალიან უჭირდა. რონდო 24 პლეიოფურ წუთში 6.7 პასს აკეთებდა. ამავე დროს მას 8.3 ქულაც ჰქონდა.

სუპერფინალში, მეხუთე თამაშის წინ, მაიამის მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ თავისი როტაცია 7 კაცამდე შეამცირა, ფრენკ ვოგელი კი 9-კაციანი როტაციით თამაშობდა. გრძელი გუნდი ვოგელის ერთ-ერთი უპირატესობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კაელ კუზმამ იმაზე უფრო სუსტი სეზონი ჩაატარა, ვიდრე ელოდნენ, ლეიკერსს იმდენი ‘რიგითი’ მოთამაშე ჰყავდა, რომ რომელიმე მათგანი ყოველთვის ახერხებდა თამაშის თავის თავზე აღებას.

კოლდუელ-პოუპმა, რონდომ, კუზმამ, გრინმა, მორისმა და კარუზომ პლეი ოფებში ერთხელ მაინც მოახერხეს, რომ დევისი-ლებრონის შემდეგ მესამე ჩამყრელები ყოფილიყვნენ.

პლეი ოფებში ყველაზე ხშირად და კარგად ეს კოლდუელ-პოუპს გამოსდიოდა, რომელიც სხვებზე მეტს თამაშობდა, პერიმეტრიდან მეტოქეს საფრთხეს უქმნიდა და დაცვაშიც სასარგებლო იყო. პლეი ოფის 21 თამაშიდან 10-ჯერ სწორედ იგი იყო ლეიკერსის მესამე ჩამგდები. მათ შორის ერთხელ ფინალების გადამწყვეტ მეოთხე თამაშში, როდესაც მატჩის მიწურულს მისმა ხუთმა ქულამ ლეიკერსი სერიაში 3:1 წინ გაიყვანა.

ლებრონის გარღვევა და კოლდუელ-პოუპის გადამწყვეტი სამქულიანი


განსაკუთრებით შედეგიანი გამოვიდა ლებრონი - კოლდუელ-პოუპის ტანდემი. ეს უკანასკნელი პლეი ოფში კუთხეებიდან 47.2 პროცენტით ისროდა სამქულიანებს, ლებრონს კი ყველაზე კარგად ეხერხება ამ პოზიციაში თავისუფალი პარტნიორების მოძებნა.

ლეიკერსი ჩემპიონურად დაბრუნდა. თუკი მაიამიში ლებრონს უეიდი და ბოში, ხოლო კლივლენდში კაირი ირვინგი და კევინ ლავი ელოდებოდა, ლეიკერსში მან საჩემპიონო გუნდი პირადად შექმნა. ლებრონი თავისი გავლენით და კონტაქტებით დიდი ხანია, გაცდა მხოლოდ მოთამაშის სტატუსს. ეს ჩემპიონობაც მისი პირადი დამსახურებაა - პარკეტზეც და პარკეტს მიღმაც. ლებრონის გარშემო ლიგის საუკეთესო ‘დიდი’ და გამოცდილი ვეტერანები შეიკრიბნენ. ეს საჩემპიონო ფორმულა აღმოჩნდა. ამბობენ, რომ დრო ყველა თამაშს იგებს, მეფე ლებრონთან მას ჯერ არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები