Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა NBA-ს მე-17 ჩემპიონობა იზეიმა. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ფინალური სერიის მეექვსე თამაში მაიამის 106:93 მოუგო და ტიტულების რაოდენობით ბოსტონ სელტიკსს გაუთანაბრდა.

ეს ლოსანჯელესელთა პირველი ჩემპიონობაა 2010 წლის შემდეგ - მაშინ ლეიკერსმა ფინალში ბოსტონი დაამარცხა, MVP კი იანვარში ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი გახლდათ. სწორედ ამიტომ, საფინალო სირენის შემდეგ ლებრონმა რამდენჯერმე მიმართა ხელები ცისკენ - ცხადია, ის ამ მომენტში კობიზე ფიქრობდა…

ტრიუმფის შემდეგ კალიფორნიელები ეიფორიაში იყვნენ. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომენტარი:

ფრანკ ფოგელი (ლეიკერის მთავარი მწვრთნელი)

...ლებრონ ჯეიმსის შესახებ: “ის საუკეთესო კალათბურთელია მათ შორის, ვინც სამყაროს ოდესმე უნახავს. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს უკვე იცის, უნდა ვუთხრა, რომ არ იცის მანამდე, სანამ მას ყოველდღე არ ნახავს, არ გაწვრთნის და არ დაინახავს, როგორ ფიქრობს, როგორ ესმის თამაშის და როგორ ლიდერობს თავის გუნდს.”

...ჩემპიონობაზე: “როდის მივხვდით, რომ ტიტულის მოგება შეგვეძლო? რთული სათქმელია. ვფიქრობ, ყოველ მომდევნო მატჩს უფრო და უფრო ძლიერები ვხვდებოდით - ეს გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. ცხადია, ვგრძნობდით, რომ ამ გუნდს ჩემპიონობის მოპოვება შეეძლო.”

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი, MVP)

...ჩემპიონობაზე: “საკუთარ თავს, სხეულს და სულს თანაგუნდელებისთვის ვაყენებ. ჩემს კარიერაში პლეი ოფის თამაში არ გამომიტოვებია და საუკეთესო, რაც შეუძლია, რომ კაცმა თავისი გუნდისთვის გააკეთოს, არის გუნდისთვის მზადყოფნა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი ჩემით ამაყობს და მხოლოდ ამაშია საქმე. ჩემს ხალხს, ჩემს ფანებს, ჩემს ოჯახს სიამაყის საფუძველს ვაძლევ. მოუთმენლად ველი სახლში დაბრუნებას. აკრონ, ოჰაიო, ჩვენ ეს კიდევ ერთხელ შევძელით და ამაშია საქმე!”

...ლეიკერსის შესახებ: “ჩვენ მხოლოდ ჩვენი პატივისცემა გვსურს. რობ პელინკას თავისი პატივისცემა სურს, მწვრთნელ ფოგელს - თავისი პატივისცემა. ორგანიზაციას თავისი პატივისცემა სურს, Laker Nation-ს - თავისი. და მეც მინდა ჩემი წყეული პატივისცემა!”

რობ პელინკა (ლეიკერსის გენერალური მენეჯერი)

...გარდაცვლილ კობი ბრაიანტზე და მის ქალიშვილზე: “კობი და ჯიჯი მთელი წელი ამ გუნდთან ერთად იყვნენ. კობის ხმა მუდმივად ჩამესმის, სულ ჩემთანაა.”

ერიკ სპოელსტრა (მაიამი ჰიტის მთავარი მწვრთნელი)

...თავისი გუნდის მარცხზე: “ძალიან არაპროგნოზირებადი წელი იყო. ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვსურდა, მაგრამ დაგვრჩება მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგვყვება.”

...გორან დრაგიჩის შესახებ: “რა უნდა ვთქვა იმაზე, რომ მან დღეს საერთოდ ითამაშა. ეს სიგიჟეა. მას დღეს საერთოდ არ უნდა ეთამაშა.”

ჯიმი ბატლერი (მაიამი)

...თავის გუნდზე: “ეს არის გუნდი, რომელსაც ვეკუთვნი. ჩვენ გვყავს ბიჭები, რომლებიც ახლავე მზად არიან, რომ დარბაზში დაბრუნდნენ და შრომა გააგრძელონ. ჩვენ აქ ასე ვიქცევით, ასე ვშრომობთ. ჩვენ დავბრუნდებით.”

...მეექვსე თამაშის ჩაგდებაზე: “დღეს ჩემი საქმე ვერ გავაკეთე. მომავალში ვეცდები, უკეთ გავაკეთო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები