Thumbnail

არანაირი მეშვიდე თამაში, არავითარი სენსაცია - NBA-ს ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონი მოლოდინისამებრ დასრულდა. სეზონის დაწყებიდან 356 დღის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA-ს ჩემპიონი გახდა. ეს ამ გუნდის მე-17 და ისტორიული ტიტულია.

ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლეიკერსმა მაიამი ჰიტი 106:93 დაამარცხა და გადამწყვეტი, მეოთხე გამარჯვებასთან ერთად, კორონა-სეზონის ტრიუმფით დასრულება იზეიმა.

ლოსანჯელესელთა სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა და კარიერაში მეოთხედ, ფინალის MVP გახდა. მისმა მთავარმა დამხმარე ძალამ, ენტონი დევისმა 19 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

უშუალოდ ამ შეხვედრაში ლეიკერსის წარმატების მთავარი მიზეზი დაცვა გახლდათ - მესამე პერიოდის დასასრულამდე მაიამის მხოლოდ 58 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ლებრონის და კომპანიის დომინაცია განსაკუთრებით მეორე მეოთხედში იყო თვალსაჩინო (36:16). და საერთოდ, თუ NBA-ს ისტორიას გადავხედავთ, ფინალურ სერიაში, რომელიმე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი 28 ქულაზე მეტი უპირატესობით მხოლოდ ერთხელ იგებდა - თავად ლეიკერსი, 1985 წლის ფინალის პირველ მატჩში ბოსტონ სელტიკსთან (30 ქულით).

📺 ასე ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა

მაიამის ლიდერ ჯიმი ბატლერს ბევრი აღარაფერი გამოუვიდა, რაც ლებრონის დამსახურებაა. მას ბოლოს მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა. ჰიტიდან ყველაზე მეტი ბემ ადებაიომ ჩააგდო - 25 ქულა და მას 10 მოხსნაც ჰქონდა.

მე-17 ტიტულით ლეიკერსი ბოსტონს გაუთანაბრდა. ეს ლოსანჯელესელთა პირველი ჩემპიონობაა 2010 წლის შემდეგ - მაშინ ლეიკერსმა ფინალში ბოსტონი დაამარცხა, MVP კი იანვარში ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი გახლდათ. სწორედ ამიტომ, საფინალო სირენის შემდეგ ლებრონმა რამდენჯერმე მიმართა ხელები ცისკენ - ცხადია, ის ამ მომენტში კობიზე ფიქრობდა…

📺 გადამწყვეტი მატჩის მიმოხილვა 

“წინ ლეიკერს! გულითადად გილოცავთ! კობი მართალი იყო. დარჩი გზაზე, არ უსმინო გვერდითა ხმებს... ვისურვებდი, რომ კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ და ეს ენახათ,” - დაწერა ინსტაგრამზე კობის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა და ჩემპიონებს და გენერალურ მენეჯერ რობ პელინკას მიმართა.

ამ მოგებით ლეიკერსმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა: პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფში ზედიზედ 5-ჯერ ვერგასვლის შემდეგ, ტიტული მოიგო; სეზონის დაწყების შემდეგ ლეიკერსმა მოიგო ყველა თამაში, რომელშიც მეოთხე პერიოდის დაწყებისას იგებდა (ეს 57-ჯერ მოხდა).

ლებრონმა პლეი ოფში 260-ე თამაში ჩაატარა, ასევე რეკორდი დაამყარა და 2012, 2013 (მაიამისთან ერთად) და 2016 წლების (კლივლენდში) შემდეგ, კარიერაში მეოთხედ გახდა ჩემპიონი. პლეი ოფში მას უკვე 28 სამმაგი დუბლი აქვს - კიდევ ორი და მეჯიქ ჯონსონის რეკორდს გაიმეორებს.

მხოლოდ მაიკლ ჯორდანი იყო მინიმუმ 4-ჯერ MVP (როგორც რეგულარულში, ისე ფინალებში). ლებრონი ერთადერთია, ვინც პლეი ოფში საშუალოდ 25-ქულიან ზღვარს გადააბიჯა სამ გუნდთან ერთად, რომლებმაც ბოლოს ტიტულიც მოიგეს...

კომენტარები

ბოლო ამბები