Thumbnail

19 წლის სუპერსენსაცია - შვიონტეკმა როლან გაროსი სეტის დაუთმობლად მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იგა შვიონტეკი 6:4, 6:1 სოფია კენინი
  • პირველი პოლონელი ჩოგბურთელი, ვინც 'დიდი სლემის' ტურნირი მოიგო

ქალთა ჩოგბურთს ახალი გმირი ჰყავს - 19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი (53) საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია! ჩოგბურთელი, რომელიც ტოპ-50-ეულშიც არ არის, "როლან გაროსის" კორტებზე დაუმარცხებელი იყო - შვიდივე ორთაბრძოლა სეტის წაუგებლად მოიგო, მათ შორის ფინალი მე-4 ნომრად განთესილ სოფია კენინთან (6) - 6:4, 6:1. ფინალს სულ საათი და 21 წუთი დასჭირდა, პოლონელი ყველა კომპონენტში სჯობდა 21 წლის რუსს, რომელიც აშშ-ს სახელით თამაშობს. 

ორშაბათიდან შვიონტეკი მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდება

იგა შვიონტეკი, პოლონელი ოლიმპიელი ნიჩბოსნის ქალიშვილი, სამუდამოდ შევა პოლონური სპორტის ისტორიაში, რადგან პირველია თანამემამულეთა შორის, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. ის, რომ სეტის წაუგებლად დაასრულა "როლან გაროსზე" ასპარეზობა პოლონელმა თინეიჯერმა, ჟიუსტინ ენინის (2007 წ) შედეგის გამოერებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ღია პირველობა სამწლიანი პაუზის მერე პირველად მოიგო განუთესავმა ჩოგბურთელმა. ამ გამარჯვებით შვიონტეკი ორშაბათიდან მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდება.

იგა შვიონტეკი: "საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახიც აქ არის, მარტო ამ დიდ სიხარულს ვერ გადავიტანდი. ემოციების გამო, არც კი ვიცი, რას ვაკეთებ. ორი წლის წინათ, აქ ახალგაზრდული დიდი სლემი მოვიგე, ახლა კი დიდებში გავხდი ჩემპიონი. ეს ძალიან ცოტა დროა. დღეს საოცარი ფინალი იყო, ვცდილობდი, აგრესიულად მეთამაშა და თანმიმდევრული ვყოფილიყავი".

📺 შვიონტეკი v კენინი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები