Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 108:111 (3-2) მაიამი ჰიტი
  • NBA-ს ფინალური სერიის მე-5 მატჩის მიწურული დრამატული გამოვიდა
  • ჯიმი ბატლერმა სამმაგი დუბლი მიითვალა და NBA-ს ისტორიაში შევიდა
  • ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ

NBA-ს ჩემპიონის ვინაობის გარკვევა, მინიმუმ, 12 ოქტომბრამდე გადაიდო. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სერიის მე-5 მატჩში ვერ შეძლო მაიამი ჰიტის დამარცხება და სერიაში მეოთხე და გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება, რომელიც მას ათწლიანი პაუზის შემდეგ ლიგას მოაგებინებდა. ჰიტმა ჯიმი ბატლერის ფენომენური თამაშის წყალობით, სერიაში სხვაობა შეამცირა, რასაც წინ მატჩის დრამატული ბოლო წუთები უძღოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

არადა, ბოლო წუთზე ლეიკერსი ორჯერ იყო ანგარიშში წინ - 106:105 და 108:107, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წლევანდელ პლეი ოფში პირველად, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად, Black Mamba-ის შავი მაისურებით ჩატარებული თამაში წააგო.  

ჰიტის უკანასკნელი 10 ქულიდან 8 ბატლერის ანგარიშზე იყო. საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე კი, როდესაც ლეიკერსი ქულას აგებდა (108:109), დენი გრინმა სამქულიანი ვერ ჩააგდო და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. საბოლოო ანგარიში ტაილერ ჰიროუმ ზუსტი საჯარიმო ტყორცნებით დააფიქსირა.

ჯიმი ბატლერი სამმაგი დუბლით გამოირჩა. მის ანგარიშზე 35 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასია. ბატლერი NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც კარიერის პირველ ფინალში სამმაგი დუბლი ორჯერ შეასრულა, ხოლო მეორე მოთამაშე, ვისაც სულ ცოტა 20 ქულა და 5 პასი კარიერის პირველი ფინალის პირველ ხუთ მატჩში ჰქონდა. მანამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში ჯიმი ბატლერი დუაიტ ჰოვარდი წაკინკლავდნენ, რისი მიზეზიც ჰიტის 31 წლის მსუბუქი ფორვარდის მეტისმედი აქტიურობა გახდა დაცვაში. ბატლერი და ჰოვარდი თანაგუნდელებმა დროულად დააშოშმინეს.

ლეიკერსის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომლის ანგარიშზე 40 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასია. ლებრონი პლეი ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (259) დერეკ ფიშერს გაუთანაბრდა და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში პირველ ადგილს იყოფს. ლებრონის აქტივში 171 მოგებაა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ამასთან, ლეიკერსის ვარსკვლავი მეორე კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიაში, ვისაც ფინალურ სერიებში 1500 და მეტი ქულა აქვს მოპოვებული.

ლეიკერსს ჩემპიონობის გასაფორმებლად ხუთი მატჩი არ ეყო 

სერიის მე-5 მატჩში დუბლი მიითვალა ლეიკერსის კიდევ ერთმა ლიდერმა ენტონი დევისმაც, რომელსაც თამაშის დროს ტრავმა გაუმიზეზდა, თუმცა მოედანზე დაბრუნება მაინც მოახერხა - 28 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები