Thumbnail
  • 📅 11 ოქტომბერი | ⌚ 20:00 | ⚽ სომხეთი V საქართველო 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრები ბელარუსთან მოგების შემდეგ ამაღლებულ განწყობაზეა
  • სომხეთის ნაკრები მასპინძლის სტატუსით ერევნის ნაცვლად პოლონეთში იქნება
  • საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე არასდროს წაუგია!

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გასვლის შემდეგ, ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს უბრუნდება და მე-2 ჯგუფში მე-3 ტურის შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე სომხეთის ნაკრებია და თამაში ერევანში უნდა გამართულიყო, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უეფამ თამაში ნეიტრალურ სტადიონზე გადაიტანა. ამგვარად, საქართველო სომხეთის ნაკრებს პოლონეთის ქალაქ ტიხში "ესტუმრება".

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩები პრინციპულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ისინი ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. სომხეთის ნაკრებს ეს შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვს, რადგან საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ვერ მოახერხა.

რაც შეეხება კონკრეტულად ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს: საქართველომ საწყის ორ ტურში 4 ქულა დააგროვა, ხოლო სომხეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების (1:2) შემდეგ, შინ ჯგუფის აუტსაიდერი ესტონეთი დაამარცხა და 3 ქულა აქვს. ჩვენს მეზობლებს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, ხოაკინ კაპაროსი ავარჯიშებთ, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს სევილიადან კარგად უნდა ახსოვდეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ბელარუსთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება დააანონსა. სლოვაკმა ამის მიზეზად ფიზიკური და მენტალური გადაღლა დაასახელა და რთულია შევედაოთ - იმ თამაშმა უდიდესი ენერგია წაიღო. ვაისმა ისიც თქვა, რომ ოთარ კაკაბაძე, გიორგი ლორია და გურამ კაშია დაისვენებენ.

ბელარუსთან ისტორიულ მოგებას დიდი მენტალური ძალისხმევა დასჭირდა

სომხეთის ნაკრებს რამდენიმე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მთავარი ფიგურა ჰენრიხ მხითარიანია, რომელიც წინა თვეში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარა, ახლა კი გუნდშია და სათამაშოდ მზადაა. რომას შემტევი კარგ ფორმაშია და ყველაზე დიდი საფრთხე მისგანაა მოსალოდნელი.

გუნდის მთავარი ფორვარდი რუსული ტამბოვის ფეხბურთელი ალექსანდრ კარაპეტიანია, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერთი პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილსაც გამოთქვამდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის "დინამო არენაზე" თამაში განსაკუთრებული იქნება. ეს ნოემბერში მოხდება, მანამდე ქართველ მცველებს კარაპეტიანის წინააღმდეგ თამაში პოლონეთში მოუწევთ.

საქართველოს ნაკრებს და სომხეთს აქამდე 5-ჯერ უთამაშიათ, აქედან ორჯერ - კვიპროსის ტურნირზე, სადაც 2000 წელს საქართველომ მოიგო (2:1), ხოლო 2004 წელს - სომხეთმა (2:0). თუმცა, ეს ორი დუელი ფიფა-უეფას კალენდარული მატჩები არ ყოფილა (მათ შორის არც ამხანაგური). დანარჩენ სამ დაპირისპირებას რაც შეეხება, სამივე ამხანაგურ სტატუსს ატარებდა. ბოლოს, 2011 წელს თემურ ქეცბაიას თავკაცობით ქართველებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო 2000 წლის აპრილში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს.

საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირებებიდან ყველაზე დასამახსოვებელი პირველი შეხვედრაა - 1997 წლის 30 მარტს, თბილისში საქართველომ 7:0 მოიგო. ეს სომხეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით განცდილი მარცხი იყო დიდი ხნის განმავლობაში და მხოლოდ 2019 წლის ნოემბერში "წაგვართვეს" რეკორდი, როდესაც იტალიამ სომხეთს 9:1 მოუგო.

სომხეთის ნაკრები პოლონეთში ჩაფრინდა, სადაც გვიმასპინძლებს

საქართველოს ნაკრებს სომხეთთან კარგი მოგონებები თუ აკავშირებს, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ვლადიმირ ვაისის შემთხვევაში. სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში მას ორჯერ მოუწია სომხებთან თამაშმა და ორივეჯერ წააგო - ერევანში 1:3 და ბრატისლავაში 0:4! ეს ყველაფერი ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში მოხდა. სომხეთთან განადგურების შემდეგ ვაისმა კიდევ ორ შეხვედრაში (რუსეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან) უხელმძღვანელა სლოვაკეთის ნაკრებს და გაათავისუფლეს.

ბელარუსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაისმა ამის შესახებ იხუმრა კიდეც, თუ საქართველოს ნაკრებს სომხეთთან კარგი მოგონებები აქვს, მე არასდროს დამიმარცხებიაო. ახლა ვაისს შანსი აქვს მაშინდელი მტკივნეული მარცხისთვის პირადი რევანში აიღოს.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან, თუმცა ოფიციალურ მატჩში - პირველად.

⚽ ურთიერთშეხვედრებში საქართველო უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (11:4 ბურთების ბალანსი).

⚽ ამ ნაკრებების წინა ხუთ დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო ორჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ტურნირზე დაუმარცხებელია! 8 თამაში 6 მოგება და 2 ფრე (6 მატჩი D ლიგაში, 2 მატჩი C ლიგაში).

⚽ სომხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ჩატარებული წინა 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული (1 ფრე, 3 წაგება). ერთ-ერთი გამარჯვება კი საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქესთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან იზეიმა - 4:0 (2018 წლის16 ოქტომბერს).

⚽ ვლადიმირ ვაისის ნაკრებს ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული (4 ფრე, 3 წაგება). ხსენებულ შეხვედრებში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ სომხეთის ნაკრები ბოლო 10 მატჩში 5-ჯერ დამარცხდა, 4-ჯერ მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა. ხსენებულ შეხვედრებში 7-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 6-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საქართველოს ნაკრებს ბოლო ორი გოლი პენალტით აქვს გატანილი და უკანასკნელი 5 თამაშია ერთ გოლზე მეტს ვერ იტანს (ბოლოს გიბრალტარს გაუტანა 1-ზე მეტი გოლი).

⚽ საქართველოს ნაკრების კარში ბოლო 3 მატჩში მეტოქეებმა ზუსტად ერთხელ დაარტყეს. ის მაკედონიელ რისტოვსკის ეკუთვნის და გოლით დასრულდა.

⚽ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით სომხეთის ნაკრები ჰყავს დამარცხებული - 7:0.

კომენტარები

ბოლო ამბები