Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ევროლიგაში მისი გუნდის პირველი გამარჯვება შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება თორნიკე შენგელიას თამაშზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა გრანდმა თელ ავივის მაკაბის 76:72 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 8 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა და მოედანზე დიდი სამუშაო გასწია.

“ჩვენს გუნდში საკვანძო როლი არაერთმა კალათბურთელმა ითამაშა: მაიკმა, ნიკიტამ, თოკომ, ჯოელმა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მაკაბი მე-4 მეოთხედში 5 ქულით დაწინაურდა, თამაშის სადავეები ხელიდან არ გავუშვით, ქაოსი არ დაიწყო, დაცვაში მაგრად დავდექით და საჭირო ბურთები ჩავაგდეთ. გამოვყოფ თორნიკე შენგელიას მუშაობას. მან 12 მოხსნა მიითვალა, მეტოქეები აიძულა მასზე 7-ჯერ დაჯარიმებულიყვნენ და სხვა შავი სამუშაოც ბევრი გასწია, რაც სტატისტიკაში არ ასახულა”.

თორნიკე შენგელია მაკაბისთან მატჩში

ქართველი მძიმე ფორვარდის შედეგიანი გარჯა არც ცსკა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს გამორჩენია. “შენგელია სიამოვნებით იყენებდა თავის უპირატესობას მობილურობაში, ქულებს აგროვებდა და მაკაბელი ვიზავი ჰანტერიც სათადარიგოთა სკამზე მალე გაუშვა, რადგანაც საწყის წუთებშივე 2 პერსონალური ფოლი აჰკიდა”, - ვკითხულობთ საიტზე. აქვე ვთქვათ, ოტელო ჰანტერმა საბოლოო ჯამში მოედანზე 17:16 წუთი გაატარა და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი მინუს 1 ჰქონდა.

ცსკა თითო მოგება-წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 ოქტომბერს, სტამბოლში ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს. მანამდე, 10 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი VTB-ლიგაში სარატოვის ავტოდორს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები