Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ კოსოვოს 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში 30-წლიანი ოცნების ასახდენად მოდიან.

ანგელოვსკის თქმით, მის გუნდს ისტორიული თამაში ელოდება და იმედოვნებს, რომ საუკეთესო შემადგენლობის შეკრებას მოახერხებს.

იგორ ანგელოვსკი: "მაკედონიელ ხალხთან ერთად სიხარული დავიმსახურეთ. ახლა ცოტა ეიფორიაში ვართ, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ, ორ დღეში ერთა ლიგის თამაში გვაქვს. საოცარი მხარდაჭერა გვქონდა ყველას მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები ცარიელი იყო. ეს გამარჯვება ყველა თაობის ფეხბურთელის და ჩვენს ქვეყანაში სპორტში დასაქმებული ყველა ადამიანისაა.

მადლობა ყველას, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ფინალური მატჩი გველოდება საქართველოსთან ეპითეტით - ისტორიული. ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ექვს დღეში ქართველებთან თამაში ისევ გვაქვს და ეს კარგია, რადგან ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ.

საქართველოში კი მივდივართ იმისთვის, რაზეც თითქმის 30 წელი ვოცნებობდით! მინდა ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომი და ჩემს განკარგულებაში იყოს. იმედია, ნოემბრის მატჩზე ელიფ ელმასი შემოგვიერთდება, რაც ჩვენთვის შესანიშნავი იქნება.

უნდა ვაღიარო, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფეხბურთი განსხვავებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გავაბედნიეროთ".

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების გზები შემოდგომის სამივე თვეში გადაიკვეთა

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, თბილისშიგაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა, სადაც B ჯგუფში მოხვდება (ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია). მანამდე კი, 14 ოქტომბერს, ეს გუნდები ერთა ლიგის C დივიზიონში შეხვდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისში გაიმართა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს (1:1).

კომენტარები

ბოლო ამბები