Thumbnail

საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ფინალშია და ევროპის ჩემპიონატამდე ერთი თამაში, ერთი მოგება რჩება. ეროვნულმა გუნდმა ბელარუსთან სასურველი შედეგი მიიღო, თუმცა მეტია საჭირო და მეტიც შეუძლია. რა არ გამოუვიდა ვაისის გუნდს და რა შეეძლო უკეთესად? პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში საქართველო-ბელარუსის მთავარი ამბები.

სასურველი სცენარი

მატჩის წინ თამაშის სცენარი ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირად წარმოედგინა: ბელარუსი დაცვაში, სტანდარტების და კონტრშეტევების იმედად და საქართველო, რომელიც ბელარუსის დაცვის გარღვევას ცდილობს. თამაშის დასაწყისშივე სწრაფმა გოლმა საქართველოს საშუალება მისცა, რომ თამაში მისთვის კომფორტული პოზიციიდან ეკონტროლებინა. ბელარუსს არც ბურთის ფლობა ეხერხება და არც პოზიციური შეტევა.

კვარაცხელიას პასი და ოქრიაშვილის პენალტი

პირიქით, საქართველოს ნაკრებს ამ ანგარიშმა საშუალება მისცა, რომ თავისთვის ხელსაყრელი თამაში ეთამაშა: მეტოქეს ბურთის დაჭერაშიც სჯობდა (პირველი 70 წუთი), დაცვაშიც რისკებს თავიდან იცილებდა და პარალელურად, სწრაფი და ინდივიდუალურად ძლიერი შემტევების წყალობით, მეტოქეს კონტრშეტევებზე იჭერდა. შედეგად, თამაშის 25% საქართველოს მესამედზე წარიმართდა, 29 კი - მეტოქის მესამედზე, თუმცა ბელარუსს მომენტები თითქმის არ ჰქონია, საქართველომ კი ბევრი მომენტი შექმნა. ეს იმის ხარჯზე, რომ ვაისის გუნდს შეტევაში სივრცე ჰქონდა, ბელარუსს კი - არა.

დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ მატჩის ამ სცენარს საქართველოს მეორე გოლი უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ წაიკითხავთ.

ეს სცენარი კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი ვაისის შემადგენლობის წყალობით გახდა. სლოვაკმა სპეციალისტმა კლასიკური ცხრა ნომერის (კაჭარავა, ქვილითაია) ნაცვლად, ცენტრფორვარდად თორნიკე ოქრიაშვილი დააყენა, ხოლო მის უკან კი ორი შემტევი - მარცხნიდან ყაზაიშვილი და მარჯვნიდან კვარაცხელია. ორი საყრდენის (კანკავა, კვეკვესკირი) წინ ოთარ კიტეიშვილი თამაშობდა.

ამით ცხადი გახდა, რომ ვაისი ფრთხილობდა და სურდა, რომ ნახევარდაცვაში სულ მცირე სამი მოთამაშე ჰყოლოდა. სამაგიეროდ, კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე, გუნდს ჩაწოდებებზე შანსი ნაკლებად ექნებოდა და უფრო მეტად შემტევების ინდივიდუალური ოსტატობის იმედად უნდა ყოფილიყო. მასირებული დაცვის გარღვევა სივრცეების გარეშე იოლი არ იქნებოდა, სწრაფმა გოლმა კი საქართველოს ნაკრებს საშუალება მისცა, რომ კლასიკური 'ცხრიანის' გარეშეც წარმატებით შეეტია.

ასეთმა შემადგენლობამ განაპირობა ის, რომ ვაისის გუნდი მეტოქეს უფრო მეტად ფლანგებიდან, ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის და კვარაცხელიას ინდივიდუალიზმის ხარჯზე უტევდა. საქართველოს შეტევების 80% (40-40) ფლანგებიდან განხორციელდა, ცენტრიდან ბევრად უფრო ნაკლები - მხოლოდ 19%. ეს ლოგიკურია, მოედნის ცენტრი სამ ნომინალურ ნახევარმცველს ებარა, შემტევები ვაისმა ფლანგებზე გაანაწილა.

სამაგიეროდ, სამი ნახევარმცველის ხარჯზე, მოედნის ცენტრში ბელარუსს შეტევისთვის სივრცეები საერთოდ დარჩა და მათი შეტევების მხოლოდ 23% წარიმართა მოედნის ცენტრიდან. კიტეიშვილი ბევრს მოძრაობდა და თამაში 4 ვარდნით და 3-ჯერ მეტოქის დრიბლინგზე ართმევით დაასრულა.

კვარაცხელიას ფაქტორი

სწრაფი გოლი და მატჩის საქართველოსთვის ხელსაყრელი სცენარი შემთხვევითობა არ ყოფილა, ეს უპირატესობა ვაისის გუნდმა გაცილებით ძლიერი ინდივიდუალური შემსრულებლების ხარჯზე მოიპოვა. განსაკუთრებით აქტიური ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც პირველ ტაიმში ზედიზედ სამჯერ ერთი ტიპის მანევრი განახორციელა - მარჯვნივ ერთდროულად რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტა, ცენტრში თავისუფალ სივრცეებში შემოიწია და საგოლე მომენტები შექმნა. პენალტიც ერთ-ერთ ასეთ მანევრს მოჰყვა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ბელარუსთან

კვარაცხელიას მეტოქეები უბრალოდ ვერ აჩერებდნენ. განსაკუთრებით, მატჩის პირველ 60 წუთში, სანამ დაღლილობა დაეტყობოდა. კვარაცხელიას და კაკაბაძის აქტიურობის ხარჯზე, მარჯვნიდან საქართველოს ნაკრებმა თავისი დარტყმების 43% შეასრულა, მარცხნიდან კი - არცერთი.

რა უნდა გამოსწორდეს

ბოლო სამი თამაშია, ნაკრებს ერთი ხარვეზი აქვს და ეს ხარვეზი გუნდს წინა შესარჩევიდან მოყვება. გუნდს შეტევაში სისტემურად დალაგებული კომბინაციური თამაში უჭირს, ავტომატიზმზე ვერ თამაშობს და წინ მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის იმედადაა. შედეგად, ბურთის ფლობის, მომენტების და უპირატესობის გოლებად გარდაქნა ძალიან უჭირს. საქართველოს ნაკრებს სტაბილურად ერთ გოლზე მეტის გატანა არ გამოსდის.

ასე იყო ესტონეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ასე იყო ბელარუსთანაც. ვაისის გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, მეტოქემ კი თავის ნახევარზე სახიფათო ზონებში რამდენჯერმე ბურთი გაუმართლებლად დაკარგა. საქართველოს კონტრშეტევებიც ჰქონდა და ვალდებული იყო, რომ კიდევ გაგვეტანა და თამაშის ბედი უფრო ადრე გადაეწყვიტა. ასე კი, ბელარუსს მატჩის მიწურულს თამაშის დაძაბვის საშუალება მიეცა.

ცალკე უნდა ითქვას ისიც, რომ ბელარუსის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა - გაუმართლებლად კარგავდა ბურთს და შეტევაში არანაირი ფანტაზია არ ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა ასეთი მომენტები აუცილებლად უნდა გამოიყენოს! უფრო მაღალი კლასი მეტოქე (და ჩრდილოეთ მაკედონია სწორედ ასეთია) ამდენი საგოლე შანსის გაფუჭებას არ აპატიებს. მოკლედ, თამაშის 'დახურვა' თუ თამაშის 'მოკვლა' (რაც გინდათ, ის უწოდეთ), ვაისის გუნდს არ გამოუვიდა.

დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ორივე ნაკრები ზედმეტად ხშირად კარგავდა ბურთს. საქართველომ თავისი პასების მხოლოდ 71 პროცენტი შეასრულდა ზუსტად, ბელარუსმა - 74 პროცენტი. შესაბამისად, სტატისტიკის მიხედვით, ორივე გუნდი საშუალოდ 3-4 პასის შემდეგ კარგავდა ბურთს.

თუკი ბელარუსის დაბალი პროცენტი ლოგიკურია იმის გამო, რომ მათ საბაზისო ტექნიკის დონეზეც პრობლემები ჰქონდათ, საქართველოს შემთხვევაში ეს უფრო სისტემური, კომბინაციური თამაშის არარსებობით უნდა აიხსნას. სამაგიეროდ, საქართველო ბურთის მოძრაობის და წინ გადატანის დროს ძალიან ხშირად მიმართავდა დრიბლინგს (30 დრიბლინგი მეტოქის 12-ის წინააღმდეგ). ანუ, ვაისის გუნდი ბურთს უფრო დრიბლინგის საშუალებით ამოძრავებდა, ვიდრე პასის. ეს პრობლემად იქცევა იმ ტიპის მეტოქესთან, რომელსაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ვერ აჯობებ.

ერთ თვეში რამდენად შეიძლება თამაშის ახლიდან გადაწყობა, რთულად წარმოსადგენია. თუმცა, თუნდაც გამარჯვების შემდეგ უნდა აღინიშნოს: მეტოქის ნახევარზე უფრო გამართულად და დალაგებულად შეტევა ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია - ამის რესურსი აქვს. შეტევაში გუნდი ზედმეტადაა ინდივიდუალიზმის იმედად და ეს დაკარგულ ბურთებშიც აისახება. საქართველო საშუალოდ 3.3 პასის შემდეგ კარგავდა ბურთს. ეს, უმეტეს შემთხვევაში, მეტოქის ნახევარზე ხდებოდა - ლორიას კარის სიახლოვეს კი, სახიფათო ზონებში ბურთი გუნდს თითქმის არ დაუკარგავს. მეტოქის ნახევარზე ცოტა მეტი ავტომატიზმით უფრო მეტის გატანა რეალური იყო. 

საქართველოს ნაკრებმა დაცვაში მეტოქეს მხოლოდ ერთი საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მისცა, სხვამხრივ კი, პრაქტიკულად, უშეცდომო იყო.

ბელარუსის ყველაზე სახიფათო შეტევა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო

ნაკრებმა ასევე კარგად დახურა ზონები თავის ნახევარზეც. ეს პირველ რიგში საყრდენების, განსაკუთრებით კი ჯაბა კანკავას დამსახურებაა, რომელიც საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ყველგან ასწრებდა, ყველას ეხმარებოდა და ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა.

წინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალია. თამაში, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორია უნდა დაწეროს. კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტოქე ფეხბურთს ბელარუსზე გაცილებით უკეთ თამაშობს. შესაბამისად, ფინალში საქართველოს ნაკრებისგან გაცილებით მეტი იქნება საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები