Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება აშორებს. მარცხის შემდეგ ბელარუსულ მედიაში ასე გამოეხმაურნენ პლეი ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას:

"ევროზე არ მივდივართ. ბელარუსის ნაკრებმა 7 წუთში წააგო მატჩი, რომლისთვისაც 2 წელი ემზადებოდა", - ასეთია "პრესბოლის" სათაური. 

"უცნაური ის კი არ არის, რომ ბელარუსებმა წააგეს, არამედ, ის, რომ მათ შანსისთვისაც კი არ იბრძოლეს. ქართველები უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ ასეთი დიდი სხვაობაც არ იყო გუნდებს შორის. მათ კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით. მასპინძლებს ნამდვილად ეტყობოდათ, რომ "ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩს" თამაშობდნენ, ჩვენ - არა", - წერს ყველაზე პრესტიჟული ბელარუსული გამოცემა.

"სამაგიეროდ, მართალი ყოფილა მარხელი, როცა ბიჭებს პენალტებში არ ავარჯიშებდა", - წერს ერთი ფანი;

"მეგობრებო, თქვენ მთელი ბელარუსული ფეხბურთი მოსპეთ რამდენიმე თვეში" - წერს მეორე.

"მოიგო გუნდმა, რომელიც ხალხთან არის", - წერდა ერთ-ერთი ფანი, თუმცა "პრესბოლის" ადმინისტრაციამ ეს კომენტარი წაშალა. ალბათ, მასში პოლიტიკური დატვირთვა აღმოაჩინეს. 

interfax.by: "ბელარუსის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო".

sport.tut.by: "ფიასკო საქართველოში, ათწლეულის მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ". 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები