Thumbnail

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 1:0 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებათ, თამაში ნიკა კვეკვესკირმა შეაფასა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

“ვულოცავ მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას. ბრძოლა მოვიგეთ, ომი წინ არის. რა თქმა უნდა, გასახარია. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით მთელმა ნაკრებმა ქართველ გულშემატკივართან ერთად. განსაკუთრებით მინდა მივულოცო გამარჯვება იმ 55 ათას ქომაგს, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო, მათ ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, ტრიბუნები უნდა შეევსოთ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, სტადიონზე ვერ მოხვდნენ. უშუალოდ თამაშის შესახებ ახლა საუბარი რთულია, იმიტომ, რომ ემოციები ყველას მოზღვავებულად გვაქვს. მთავარი ის იყო, რომ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. ბოლოსკენ ნერვების თამაში გამოვიდა და იმედია, გულშემატკივარი გვაპატიებს. მთავარია, მოვიგეთ და ამ წამს მეტს ვერაფერს დავამატებ. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ზოგადად, ფურცელზე დაწერილ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი უშუალოდ მინდორზე წყდება. თუ ესეთი განწყობითა და შემართებით ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიეცემა შანსი წარმატებას მიაღწიოს და მთელი ქვეყნის ოცნება ავიხდინოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს და იმედია, დიდი წარმატებები კიდევ წინაა”.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

📺 საქართველო 1:0 ბელარუსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები