Thumbnail

ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს ფინეთში ჩაატარებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი კალათბურთელები ნოემბერში ფინეთსა და შვეიცარიას ეთამაშებიან
  • საქართველოს ნაკრებს ორივე გასული მატჩი მოგებული აქვს და E ჯგუფის ლიდერია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის მატჩებს ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი, ფინეთში ჩაატარებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, შესარჩევი რაუნდის თამაშების ახლებური სისტემით, ე.წ. “ბაბლში” გამართვა გადაწყდა, დღეს კი, ფიბამ მასპინძელი ქვეყნებიც დაასახელა.

“ორივე მომავალი ფანჯრის დროს მატჩები უნდა ჩატარდეს “ბაბლში”, საშინაო და საგარეო თამაშების ნაცვლად, ამასთან მასპინძელ მხარესთან შეთანხმებით, დაცული უნდა იქნას ფიბას ჯანდაცვის პროტოკოლი. ყოველი “ბაბლი” მიიღებს 4 ან 8 ნაკრებს (1 ან 2 საკვალიფიკაციო ჯგუფი). მასპინძელი ქვეყნების ვინაობა რეგიონული პრინციპით შეირჩევა”, - წერდა ფიბა ჯერ კიდევ სექტემბერში, ახლა კი, კონკრეტული გადაწყვეტილებაც გამოიტანა.

მის თანახმად, ქართველი კალათბურთელები ნოემბრის თამაშებს ფინეთის ქალაქ ესპოოში ჩაატარებენ (თარიღები მოგვიანებით დასახელდება), მეტოქეებად კი მასპინძელი ფინეთი და შვეიცარია ეყოლებათ. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ცუდი ნამდვილად არაა, რადგანაც ფინეთის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა, ხოლო შვეიცარიასთან სტუმრად უნდა გვეთამაშა, ახლა კი, რეალურად მატჩი ნეიტრალურ სარბიელზე შედგება. E ჯგუფში, სადაც ილიას ზუროსის შეგირდები ასპარეზობენ, ნოემბერში კიდევ 2 მატჩია დაგეგმილი: სერბეთი ჯერ შვეიცარიას ეთამაშება, შემდეგ კი – ფინეთს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის კვალიფიკაცია ძალიან წარმატებულად დაიწყო, შინ შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად სერბეთსაც სძლია და ჯგუფის სათავეში იმყოფება. ქართველი კალათბურთელები დასკვნით შესარჩევ მატჩებს გაისად თებერვალში ჩაატარებენ და ვინაიდან სერბეთთან და ფინეთთან თამაში თბილისში უწევთ, დიდი შანსია, ფიბამ ჯგუფის მასპინძლად სწორედ საქართველოს დედაქალაქი შეარჩიოს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.

მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო ტურნირის ფინალური ეტაპის ჩატარება 2022 წელს გადაწყდა. საქართველოს ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული აქვს, რადგანაც ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, შეჯიბრის ერთ-ერთი მასპინძელია. თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, მომდევნო ევროპირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები