Thumbnail

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. 54 წლის სპეციალისტმა თბილისში წაგებული მატჩი შეაფასა. 

მიხაილ მარხელი (ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...მატჩის შესახებ: „როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლოს ნერვების თამაში ვნახეთ. ვფიქრობ, მთლიანობაში თანაბარი ბრძოლა იყო და მისი ბედი ერთმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს კარში დაინიშნა. პირველი ტაიმის შემდეგ შეტევაში თამაშით უკმაყოფილი ვიყავი და შევცვალე ფეხბურთელი, რამაც გაამართლა და მეორე ტაიმში ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ.

...შესაძლო გათავისუფლებაზე: "რაც შეეხება ჩემს შესაძლო გათავისუფლებას: ამისთვის ყველა მწვრთნელი ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს. კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, რომ წაგების შემთხვევაში გამათავისუფლებდნენ, მაგრამ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფეხბურთის ფედერაცია. ვფიქრობ, ჩემი მუშაობა კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ერთი თამაშით."

...პოლიტიკური პროცესების გავლენის შესახებ: "არ მიმაჩნია, რომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა გუნდზე გავლენა მოახდინა. გუნდში განწყობა კარგი იყო, ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის ვთამაშობდით და ძალიან განვიცდით ამ წაგებას. ორი თანაბარი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და ორივე იმსახურებდა ფინალში გასვლას."

...ფინალზე, რომელშიც საქართველო გავიდა: "მთელი ჩვენი კონცენტრაცია ამ თამაშზე იყო და ამიტომ, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ. ვფიქრობ, რომ ფინალში ფსიქოლოგიურ მომენტს დიდი მნიშვნელობა ექნება და ორივე ძლიერი ნაკრებია, ამიტომ, საქართველოს ნაკრებს ფინალში გაუჭირდება."

📺 მატჩის მიმოხილვა

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები