Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...მატჩის შესახებ: „ეს თამაში უნდა მოგვეგო! ბედნიერები არიან ფეხბურთელები, გულშემატკივრები, რადგან ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. თამაში კარგად დავიწყეთ, სამი კარგი შანსი გვქონდა. როდესაც იგებ, სასურველია მეორე გოლის გატანა და ბურთზე კონტროლის დაწესება. მეორე გოლის გატანის შემთხვევაში თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა."

...კიტეიშვილსა და კვარაცხელიაზე: "ვფიქრობ, ოთარ კიტეიშვილს უკეთ შეეძლო თამაში, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური ინდივიდუალური მონაცემები აქვს."

...დაცვასა და ნახევარდაცვაზე: "ცალკე მინდა გამოვყო დაცვის ხაზი, სადაც ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყო. გარდა ამისა, ნახევარდაცვაში გარკვეული რისკი გვქონდა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათით უწევდა თამაში. ახლა ცოტას დავისვენებთ და კვირას პოლონეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. სომხეთთან ჩემთვისაც მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ პირადად მე არ მომიგია."

'დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე წარმოუდგენელია'

...თორნიკე ოქრიაშვილზე: "ოქრიაშვილი ნამდვილად გამორჩეული იყო და მისი გოლით მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ მას საკლუბო ფეხბურთში გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. მაგრამ მინდა, თემურ ქეცბაიას მადლობა გადავუხადო, რადგან მას კლუბში ოქრიაშვილის გარდა, სხვა ქართველი ფეხბურთელებიც ჰყავს."

...ლაშა დვალის შესახებ: "რაც შეეხება ლაშა დვალის მარცხენა ფლანგზე თამაშს - ის საკმაოდ კარგი იყო! მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაკრებში კარი დახურული არავისთვისაა და შანსს მიიღებს ყველა, ვინც დაიმსახურებს. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე წარმოუდგენელია და მადლობა მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის."

'ჩაკვეტაძე ვერც მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება'

...ფინალის შესახებ: "მწვრთნელის ცხოვრება შედეგზეა დამოკიდებული, როცა იგებ გმირი ხარ, როცა აგებ - არა. საქართველოსთან მშვენიერი 5 წელი მაკავშირებს. ფინალის წინ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოსამზადებელ ეტაპზე, ფეხბურთელების ფორმაზე."

...გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ: "ჩაკვეტაძე ევროპის დონის ტალანტია და წარმოუდგენელია, რომ კლუბში ბოლო 30 წუთი ტრავმით ითამაშა. ყველა ჩვენგანი უნდა დავეხმაროთ, რომ დაუბრუნდეს ძველ ფორმას. ამ დღეებში ჩვენი სამედიცინო შტაბი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო გიორგისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მომდევნო მატჩებში ვერ დაგვეხმარება და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება."

'უმჯობესია, რომ ერთ თვეში გვექნება ფინალი და არა ხუთ დღეში, როგორც ეს კორონავირუსის პანდემიამდე იყო დაგეგმილი'

...სომხეთთან მატჩისთვის მოსალოდნელ ცვლილებებზე: "ფეხბურთელები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაიღალნენ. მომდევნო მატჩში კაშია და კაკაბაძე სავარაუდოდ არ ითამაშებენ, შევცლით მეკარესაც და ვფირობ, ძირითადში ალბათ 4-5 ცვლილება იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიას ვიცნობთ, მაგრამ ახლა მეტოქეს ვერ ავირჩევთ. ამჟამად მთლიანად ერთა ლიგის უახლოეს შეხვედრებზე ვართ კონცენტრირებული."

...კალენდრის შესახებ: "კალენდართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უეფამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო და რთულია იმის თქმა, ეს უკეთესია თუ უარესი. ახლანდელი კონდიციებით თუ ვიმსჯელებთ, უმჯობესია, რომ ერთ თვეში გვექნება ფინალი და არა ხუთ დღეში, როგორც ეს კორონავირუსის პანდემიამდე იყო დაგეგმილი."

📺 მატჩის მიმოხილვა

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები