Thumbnail

საქართველო-ბელარუსის მატჩზე კომენტარი ბელარუსის ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფორვარდმა ვიტალი კუტუზოვმა გააკეთა. 40 წლის კუტუზოვი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი იტალიურ კლუბებში გაატარა, არ მალავს, რომ ამ მნიშვნელოვანი თამაშის ყურებას არც აპირებს.

"აპირებთ ხვალ ფეხბურთს უყუროთ? მე - არა. სამაგიეროდ ახალგაზრდულს ვუყურებ! მომავალი იქაა! მართალია გამონათებები ნაკლებადაა, მაგრამ ადრე თუ გვიან იქ მზე გამოანათებს", - წერს კუტუზოვი ინსტაგრამზე. 

ვიტალი კუტუზოვი მილანში ცოტა ხნით კახა კალაძის თანაგუნდელი იყო

ბელარუსში ეროვნული ნაკრებისა და თბილისური მატჩის მიმართ ინტერესი არცთუ მაღალია, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა. ამ მიზეზით ბელარუს გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი მხარდაჭერას საქართველოს ნაკრებს უცხადებს.

ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა ცარიელ "დინამო არენაზე", 8 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება. ამ მატჩში გამარჯვებული ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

ვიტალი კუტუზოვი ბელარუსის ნაკრებშის 2002-2011 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 52 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. კუტუზოვმა, რომელიც მილანში ბატე-დან მოხვდა და ცოტა ხნით კახა კალაძის თანაგუნდელიც იყო, ასევე ითამაშა ლისაბონის სპორტინგში, აველინოში, სამპდორიაში, პარმაში, პიზასა და ბარიში, სადაც კარიერაც დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები