Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ეროვნული გუნდის ამჟამინდელ ფეხბურთელებს ბელარუსთან მატჩში წარმატება უსურვა.

"ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა.

თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!", - წერს 47 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია.

ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრა ცარიელ "დინამო არენაზე", 8 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება. ამ მატჩში გამარჯვებული ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

შოთა არველაძეს თბილისის მართვესა და დინამოში, ასევე ტრაბზონსფორში, აიაქსში, აზ ალკმაარში, გლაზგო რეინჯერსსა და ლევანტეში უთამაშია. ფორვარდი საქართველოს ეროვნულ გუნდში 1992-2007 წლებში გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 61 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 

კომენტარები

ბოლო ამბები