Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩს გამოეხმაურა და ჩვენს გუნდს წარმატება უსურვა. ხიზანიშვილმა, რომელსაც 39 წელი შეუსრულდა, მიმართვა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:

“რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. ეს პირადად ჩემთვის და ჩვენი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის გამორჩეული თამაშია. ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენც, ნაკრების ყოფილ წევრებს, მწვრთნელებს თუ გულშემატკივრებს, ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება და მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად მივიტანოთ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და საქართველოს!”.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1999-2013 წლებში იცავდა და 92 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო დონეზე მას, მათ შორის, დანდიში (შოტლანდია), რეინჯერსში (შოტლანდია), ბლექბერნში (ინგლისი), ნიუკასლში (ინგლისი), რედინგსა (ინგლისი) და კაისერისპორში (თურქეთი) უთამაშია.

როგორც ცნობილია, ვლადიმის ვაისის შეგირდები ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს 20:00 საათიდან თბილისის “დინამო არენაზე” დაუხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს ეთამაშება, საუკეთესო ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები