Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალამდე, ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა პრესკონფერენცია გამართა. ბელარუსმა სპეციალისტმა საქართველოსთან ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მოახლოებული თამაშის შესახებ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

მიხაილ მარხელი (ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...მატჩის მნიშვნელობაზე: "ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. წინა ორი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო მომზადების თვალსაზრისით. ალბანეთთან განსაკუთრებით პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ყაზახეთთან პროგრესი იგრძნობოდა და პოზიტიური ნიშნები დავინახეთ. ვეცდებით, ხვალ გაცილებით კარგად ვითამაშოთ. ჩვენ გვესმის, ხომ ხვალ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩია და შესაბამისად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით."

...პოლიტიკური პროცესების გავლენაზე: "ვფიქრობ, რომ ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება, იქონია თუ არა გავლენა ჩვენზე ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა. აქ ფეხბურთის სათამაშოდ და დადებითი შედეგის მისაღწევად ვართ ჩამოსულები."

'გვესმის, ხომ ხვალ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩია'

...საქართველოს ნაკრებზე: "ჩემი აზრით, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები დაახლოებით ერთ დონეზე არიან, ორივე გუნდს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და ორივე გუნდის ანალიზის დროს მსგავსებაც დავინახე."

...ვლადიმირ ვაისის შესახებ: "ვლადიმირ ვაისი ჩემზე მეტად გამოცდილი მწვრთნელია და ასეთ შეხვედრებში გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვიმეორებ, რომ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ვეცდებით, დასახულ მიზანს მივაღწიოთ."

'ვიცით, რას ნიშნავს ეს თამაში, როგორც ჩვენთის, ისე საქართველოსთვის'

...მნიშვნელოვან ფაქტორებზე: "გამოცდილ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და მათ დიდი როლი ექნებათ. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური ასპექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვეცდებით ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში. ვიცით, რას ნიშნავს ეს თამაში, როგორც ჩვენთის, ისე საქართველოს ნაკრებისთის."

...ბელარუსის ჩემპიონატზე პანდემიის დროს: "კორონავირუსის პანდემიის დროს ბელარუსის ჩემპიონატის გაგრძელება იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება, ამის თქმა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები სწორედ ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, არამგონია, რომ ამან ახლა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რადგან სხვა ქვეყნებშიც ჩემპიონატები უკვე დიდი ხანია განახლდა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გავა და ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დარჩება. მე-2 ნახევარფინალურ წყვილში ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს. ფინალის მასპინძელი ქვეყანა საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები