Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე ისაუბრა და თამაშის შესახებ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...გურამ კაშიას ფორმაზე: "გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან დაგვიბრუნდნენ, გურამი მზად არის მატჩისთვის, ის კარგად მოემზადა. კაშია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებს."

...გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე: "სამწუხაროდ, ბელარუსთან გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ვითამაშებთ. იგი ბელგიიდან ტრავმირებული დავრუნდა და რამდენიმე დღე დაისვენებს, რომ მომდევნო მატჩებისთვის დაგვიბრუნდეს".

'დაუჯერებელია ის, რაც მასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელდა'

...გიორგი ლორიას შესახებ: "გიორგის ვენდობი და მისი მჯერა. დაუჯერებელია ის, რაც მასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელდა. რაც შეეხება მინდორს: წინა მატჩის დროს, შესაძლოა ამინდის გამო ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კარგად გამიოყურება. მზად ვართ, მოედანზე გავიდეთ და ვითამაშოთ. მჯერა, რომ ხვალინდელი თამაშის შემდეგ გახარებული საქართველო იქნება."

...ფეხბურთელების ფორმაზე: "როდესაც მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი უმეტესობა კარგ ფორმაში დაბრუნდა კლუბებიდან, ერთადერთი ვაკო გვილიას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, რადგან ლეგიაში სამწვრთნელო ცვლილებები მოხდა. ვეცდებით, კარგი ტაქტიკა დავუპირისპიროთ მეტოქეს და საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიოთ."

...მარცხენა მცველის შესახებ: "რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს: ამ პოზიციაზე გამოძახებული გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ ვინ ითამაშებს, ამ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. მარცხენა ფლანგზე ჯაბა ჯიღაური კარგი იყო ესტონეთში, გიორგი ნავალოვსკის წინა თამაშების დროს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებთან შედარებით, გაცილებით ძლიერ მეტოქეს ვხვდებით და მნიშვნელოვანი იქნება ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის."

'ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები და უკეთესი გუნდი გვყავს'

...მეტოქის შესახებ: "ბელარუსის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. მეტოქე ორგანიზებულად თამაშობს. ახალი მწვრთნელის ხელში ამ გუნდის აზროვნება შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები და უკეთესი გუნდი გვყავს. ეს თამაში ისტორიულია. კარგი დისციპლინა გვჭირდება, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში ყველა  რგოლში თანაბრად კარგად თამაში იქნება საჭირო."

...ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციასთან დაკავშირებით: "დიახ, ხვიჩა კლუბში მარცხნვ თამაშობს, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში უმრავლესობა სწორედ მარცხნიდან თამაშობს. შემიძლია აღვნიშნო, რომ კვარაცხელია მარჯვნიდანაც ეფექტიანია და კარგად ჩაატარა ბოლო თამაშები. მას შეუძლია ორივე პოზიციაზე თამაში და ამიტომაცაა, რომ ის ახლა მარჯვნივ თამაშობს. დიდი ტალანტია და მისი შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. კარგი აზროვნებაც აქვს და სლუცკისთან მუშაობა ამ ეტაპზე წაადგება. მას ნამდვილად შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გავა და ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დარჩება. მე-2 ნახევარფინალურ წყვილში ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს. ფინალის მასპინძელი ქვეყანა საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები