Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ორ ტრანსფერს ახორციელებს
  • რეკორდმაისტერი ლევანდოვსკის და პავარის დუბლუირებს ყიდულობს

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მიუნხენის ბაიერნი ძალიან გააქტიურდა და გუნდს აძლიერებს. ესპანელი მარკ როკას შემდეგ, რომელიც ბავარიულმა გრანდმა ესპანიოლიდან 9 მილიონ ევროდ, 5 წლით შეიძინა, გადაწყვეტილია, რომ რეკორდმაისტერში გააგრძელებს კარიერას ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგიც.

31 წლის თავდამსხმელი ბოლოს პარი-სენ ჟერმენში იყო, ამიერიდან კი ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი, მისი ბეკაპი იქნება. გაგახსენებთ, რომ ჩუპო-მოტინგს ბუნდესლიგაში ჰამბურგის, ნიურნბერგის, მაინცისა და შალკეს რიგებში უთამაშია. მისი ტრანსფერი ბაიერნისთვის იმასაც ნიშნავს, რომ ბავარიელები 19 წლის ჯოშუა ცირკზეეს გაანათხოვრებენ.

მარსელთან შეთანხმება მიღწეულია

ამავდროულად, ბაიერნი მარსელის ოლიმპიკს მარჯვენა მცველის, ბუნა სარის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ‘კიკერი’ წერს. მიუნხენელებს სერჟინიო დესტის გადაბირება სურდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბარსელონას მიანიჭა უპირატესობა. სარი ბაიერნისთვის სწორედ მისი ალტერნატივა და მეორე არჩევანი გახლდათ. იგი ბენჟამენ პავარის შემცვლელი იქნება. სარს საფრანგეთის ლიგა 1-ში 168 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

მიუნხენელები აქტიურად ცდილობდნენ კალუმ ჰადსონ-ოდოის გადაბირებასაც, რომელიც შარშანაც სურდათ, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს გარიგება წელსაც ჩაიშალა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები