Thumbnail

სუარესის შემცვლელი? ბარსა ფიქრობს ფორვარდზე, რომელმაც დორტმუნდში არ გაამართლა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონა ახალ ცენტრფორვარდს ეძებს
  • ლარსონის ფავორიტი რეალ სოსიედადის თავდამსხმელია

ბარსელონას ლუის სუარესი არ სჭირდებოდა, მაგრამ მისი შემცვლელი სჭირდება - რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს. საქმე ისაა, რომ კატალონიური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ურუგვაელს ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშს ვეღარ პირდებოდა და ლუისიც ამან გააბრაზა. გარდა ამისა, სუარესის წასვლით, კორონა-კრიზისში სახელფასო ფონდის დიდი ნაწილი დაიზოგება. მაგრამ ბარსას ახალი ცენტრფორვარდი ნამდვილად უნდა.

კუმანი ყველაზე მეტად თანამემამულე მემფის დეპაის ისურვებდა, მაგრამ რაკი ამ ფრონტზე ძვრები აღარ არის და ლაუტარო მარტინესის (ინტერი) თემაც დაიხურა, გამოცემა ‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ ბარსელონაში სერიოზულად დაფიქრდნენ სულ სხვა ცენტრფორვარდზე და კერძოდ, საუბარია ალექსანდერ ისაკზე.

ეს არის შვედი თავდამსხმელი, რომელმაც დორტმუნდის ბორუსიაში ვერ გაამართლა (5 თამაში და არცერთი გოლი 2017–2019 წლებში), თუმცა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და წინა სეზონში რეალ სოსიედადში კარგად გამოიყურებოდა. ლა ლიგაში 37 მატჩში მან 9 გოლის გატანა შეძლო, თასზე კი 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ისაკზე კუმანი მისმა ახალმა ასისტენტმა, ასევე შვედმა ჰენრიკ ლარსონმა დააფიქრა და ესპანური მედიის ცნობით, ამ ტრანსფერზე სწორედ ეს უკანასკნელი მუშაობს. ისაკს სანსებასტიანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონა თავის პირველ მატჩს კვირას, ვილიარეალთან ჩაატარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები