Thumbnail

‘ისე ჩანს, თითქოს მე ბოროტი ვარ’ - კუმანმა მესიზე და სუარესზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რონალდ კუმანი საკუთარი იმიჯისთვის იბრძვის
  • ნიდერლანდელმა ლუის სუარესის საკითხზე ისაუბრა
  • ბარსას ახალ მწვრთნელს ფილიპე კოუტინიო მოსწონს

ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ, რომელსაც კატალონიური გრანდი კვირას ვილიარეალთან გამართავს, ლუის სუარესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტი საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად იბრძვის - ბარსაში დანიშვნის შემდეგ ის კატალონიური გრანდის ფანებისთვის ჯერჯერობით კარგთან არაფერთან ასოცირდება.

“ისე ჩანს, თითქოს ამ ფილმში მე ბოროტი ვარ. მაგრამ ასე არ არის,” - განაცხადა კუმანმა ვილიარეალთან მატჩის წინ. ნიდერლანდელი ამბობს, რომ “სუარესს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს პატივს სცემს.” კუმანის თქმით, მან ურუგვაელ თავდამსხმელს სატელეფონო საუბრისას აუხსნა, რომ ახალ სეზონში, შეიძლებოდა, მისთვის იმდენი სათამაშო დრო ვეღარ მიეცათ, რამდენსაც მიჩვეული იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუმანმა განაცხადა, რომ სუარესს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ აძლევდა.

“ეს მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება არ არის, ეს კლუბის გადაწყვეტილებაა,” - თავი დაიცვა კუმანმა, რადგან ბარსას ფანები სუარესის წასვლაში მხოლოდ მას ადანაშაულებენ. ნიდერლანდელს არც ის უკვირს, რომ ლიონელ მესი თავისი მეგობრის წასვლის გამო ცუდ ხასიათზეა: “აბსოლუტურად ნორმალურია, რომ თავისი მეგობრის წასვლის ამბავი მესის ეწყინა. მაგრამ ლეო ყველასათვის სამაგალითო იყო ვარჯიშზეც და ტესტების დროსაც. არ მინახავს ვარჯიში, რომელშიც მას უზარმაცია. მას შემდეგ, რაც ჩვენთანაა, ბოლომდე იხარჯება.” - დასძინა 57 წლის კუმანმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კატალონიური გრანდის ახალმა მწვრთნელმა ფილიპე კოუტინიოზეც ილაპარაკა. მიუნხენის ბაიერნიდან დაბრუნების შემდეგ, ბევრს მიაჩნდა, რომ ბრაზილიელს ბარსელონაში შანსი მაინც არ ჰქონდა, მაგრამ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში კოუტინიომ კუმანს თავი მოაწონა.

“ფეხბურთელი პირველ რიგში მისთვის საუკეთესო პოზიციაზე უნდა გაამწესო. მას შეუძლია, როგორც ათიანის პოზიციაზე, ისე მარცხნივ თამაშიც, თუ ბევრ თავისუფლებას მიანიჭებ,” - აღნიშნა კუმანმა, - კოუტინიოს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება ეზარება, მაგრამ თავის საუკეთესო შესაძლებლობებს შეტევაში ავლენს. აქვს კარგი დარტყმა და შესანიშნავი პასები. მოკლედ, კოუტინიო ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში ბარსაში ძალიან კარგად ითამაშებს.”

ლა ლიგაში სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ბარსელონა კვირას, ‘ნოუ კამპზე’, ვილიარეალთან ჩაატარებს. ბარსას ფანები ამ შეხვედრას მოუთმენლად ელიან - ყველას აინტერესებს, რა ფეხბურთს და როგორ ითამაშებს კატალონიური გრანდი რონალდ კუმანის ხელში, ლუის სუარესის გარეშე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები