Thumbnail
  • ცსკა-ში გადასულ ქართველ კალათბურთელს VTB-ლიგაში უიღბლო დებიუტი გამოუვიდა
  • ასტანასთან მატჩის სტარტიდან სამიოდ წუთი იყო გასული, როდესაც თოკომ მუხლი იტკინა

28 წლის ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მოედანზე მხოლოდ სამიოდ წუთი გაატარა, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმა გახდა. რუსული გრანდი VTB-ლიგის სასტარტო ტურის შეხვედრაში ყაზახეთში, ნურ-სულთანის ასტანას გაეჯიბრა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, იოლად იმარჯვა - 93:60.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, მალევე უიღბლობა შეემთხვა. თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 3:19 წუთი იყო გასული, როდესაც თორნიკე იერიშზე წავიდა და ლამაზი სლემ-დანქის შესრულებას ცდილობდა. ქართველმა ფორვარდმა ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განახორციელა, თუმცა, ოფიციალურ შეხვედრაში პირველი ორქულიანი მაინც ჩააგდო.

სწორედ ამ მომენტში შენგელიამ მუხლი იტკინა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. იმ დროისთვის თოკოს აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა და 1 აცილებული ორქულიანი. დარჩენილ დროში ქართველი ლეგიონერი კადრში არაერთხელ გამოჩნდა. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გახლდათ და რამდენჯერმე გასახურებლადაც წამოდგა, თუმცა, მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი რისკზე აღარ წასულა და ჩვენებური მოედანზე არ დაუბრუნებია. თუ რამდენად სერიოზულია შენგელიას ტრავმა, ალბათ, მალევე გახდება ცნობილი.

ცსკა VTB-ლიგის მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც მოსკოვში პერმის პარმას დაუხვდება, 1 ოქტომბერს კი რუსული გრანდი უკვე ევროლიგაში ჩაებმება და ესპანეთში ძალებს ბარსელონასთან მოსინჯავს.

📺 თორნიკე შენგელიას ტრავმის მომენტი

📹 Silk Sport

კომენტარები

ბოლო ამბები