Thumbnail
  • საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის დე ბრუინი, ლევანდოვსკი და ნოიერი იბრძოლებენ
  • გამარჯვებულთა ვინაობას 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის წილსყრის დროს შევიტყობთ

უეფამ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტები წარმოადგინა. უმთავრესი ამბავი ისაა, რომ სამეულში არ იმყოფებიან ტურინის იუვენტუსის ლიდერი კრიშტიანო რონალდო და ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი. წინასწარი გამოკითხვების შედეგად, ტიტულისთვის ბრძოლის უფლება კევინ დე ბრუინმა (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკიმა (ბაიერნი) და მანუელ ნოიერმა (ბაიერნი) მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა გასულ სეზონში 20 საგოლე პასი მიითვალა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ამასთან მის აქტივში 13 გოლიც იყო. ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 47 შეხვედრაში 55 გოლი შეაგდო და ბავარიელებს ტრებლის შესრულებაში დაეხმარა. ნოიერმა გასული სეზონის განმავლობაში ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა, ჩემპიონთა ლიგაში კი ყველა თამაში ჩაატარა და 6 მათგანში გოლი არ გაუშვია.

აღნიშნული სამეულის კვალად, მოწინავე ათეულში ადგილები ასე გადანაწილდა:

4-5. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 53 ხმა
4-5. ნეიმარი (პსჟ) – 53
6. ტომას მიულერი (ბაიერნი) – 41
7. კილიან მბაპე (პსჟ) – 39
8. ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული) – 27
9. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 26
10. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 25

ცნობილი გახდა ისიც, რომ გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იურგენ კლოპი (ლივერპული), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი) და იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი) იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ სამივე სპეციალისტი გერმანელია.

კლოპის ხელმძღვანელობით, მერსისაიდელებმა პრემიერლიგა დიდი უპირატესობით მოიგეს, ფლიკის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ნაგელსმანის ლაიპციგი კი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

აქვე კიდევ რამდენიმე ნომინაციაზეც:

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე: ნავასი, ნოიერი, ობლაკი.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: ალაბა, დევისი, კიმიხი.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: დე ბრუინე, მიულერი, ტიაგო ალკანტარა.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფორვარდი: ლევანდოვსკი, მბაპე, ნეიმარი.
ევროპალიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ბანეგა, ფერნანდეში, ლუკაკუ.

საუკეთესოთა ვინაობა 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს დასახელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები