Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება - მსაჯთა კომისია არ შეცდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იაპონელ ენდოს ჰატაკიკომით აჯობა
  • ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის კიდევ 3 მოგება სჭირდება

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირებისა და წოდებაში დაწინაურების შანსს ინარჩუნებს.

დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-11 ორთაბრძოლა კომუსუბი ენდოსთან ჩაატარა, რომელთანაც დღევანდლამდე თანაბარი ბალანსი (6-6) გააჩნდა. ქართველმა სეკიტორმა ინიციატივა მოიპოვა და მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა. ამ დროს გორგაძე ტავარას მიღმა აღმოჩნდა, თუმცა, ჯერ კიდევ ჰაერში იყო, როდესაც მეტოქე მიწას შეეხო. გამეორებაზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდა და მართალია, მონოი (მსაჯთა კომისია) მაინც დაინიშნა, საბოლოოდ, დამატებითი შერკინების დანიშვნა საჭირო აღარ გახდა და ჩვენებურის გამარჯვება (ჰატაკიკომით) დაფიქსირდა.

ამგვარად, ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და იოლი გამოსათვლელია, რომ კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან სამის მოგება სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ხვალ ქართველი სუმოისტის მეტოქე კიდევ ერთი კომუსუბი, 35 წლის ვეტერანი იაპონელი ოკინოუმი იქნება, რომელსაც ლევანი 14-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს – 8 მოგება, 6 მარცხი.

📺 ტოჩინოშინი V ენდო

კომენტარები

ბოლო ამბები