Thumbnail

სუარესის ადვოკატები ბარტომეუს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონამ და მადრიდის ატლეტიკომ ლუის სუარესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. "მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ბარსას პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსა და ურუგვაელი ფეხბურთელის ადვოკატებთან, რომლებიც კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ. ესპანური გამოცემის ცნობით, შეხვედრა იმ ოპტიმიზმით დასრულდა, რომ ურუგვაელი მადრიდულ კლუბში გადავა.

ბარტომეუ წინააღმდეგი იყო, რომ 33 წლის ფორვარდი უშუალო კონკურენტ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაეშვა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ბარსა სამხრეთამერიკელს აღარ შეაფერხებს.

ამას გარდა, ატლეტიკომ სუარესს ორი დღე (ოთხშაბათი და ხუთშაბათი) მისცა, რომ ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტაზე საბოლოოდ შეთანხმდეს. მადრიდელები ჩქარობენ, რადგან იუვენტუსში გასხვისებული ალვარო მორატას შემცვლელი სჭირდებათ და B ვარიანტიც შერჩეული ჰყავთ - ედინსონ კავანი, რომელიც თავისუფალი აგენტია.

ურუგვაელ ფორვარდს უკვე ჩაეშალა ტურინის იუვენტუსში ტრანსფერი, რადგან ბიუროკრატიული პრობლემები წარმოიშვა. სუარესმა კარგა ხანია იცის, რომ რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვებასაც ამიტომ ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი ესპანურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა. მას ბარსასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები