Thumbnail

სუარესი ეჭვმიტანილია - ურუგვაელი იტალიის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას ცდილობდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას თავდამსხმელი ლუის სუარესი იტალიის მოქალაქეობის მიღებას უკანანონოდ ცდლობდა. ინფორმაციას ყველა იტალიური ცნობილი გამოცემა ავრცელებს, რომლის თანახმად, სუარესს წინასწარ გაუგზავნეს ტესტი, რათა პასუხები შეესწავლა და შემდეგ გამოცდა იოლად ჩაებარებინა.

ეჭვმიტანილები არიან პერუჯას უცხოელთა უნივერსიტეტის რექტორი ჯულიანა გრეგო ბოლი და უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი სიმონე ოლივიერი. საქმეში სუარესიც ფიგურირებს, თუმცა ამ დროისთვის ურუგვაელი მთავარ ეჭვმიტანილად არ მიიჩნევა.

როგორც ცნობილი გახდა, სუარესისთვის საგამოცდო შეფასება (ქულები) წინასწარ მზად იყო და მას ტესტირების დროს იტალიურად ერთი სიტყვაც არ უთქვამს. პარალელურად, საქმეში იუვენტუსის სახელმაც გაიჟღერა, რომელიც სუარესის დამატებას ცდილობდა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობა იყო, რომ ურუგვაელს იტალიის მოქალაქეობა მიეღო.

ინფორმაცია, რომ სუარესი გამოცდებისთვის პერუჯაში იუვენტუსმა ჩაიყვანა, საქმის კოორდინატორმა სელვაჯიო სარიმ იტალიურ პრესას დაუდასტურა:

"ამ საქმეზე გამოძიება შემთხვევით დაიწყო. დავიწყეთ საქმის გამოძიება პერუჯას უნივერსიტეტის მხრიდან 2020 წლის თებერვალში არაგამჭვირვალე საქმიანობისთვის და აღმოვაჩინეთ, რომ სერია A-ს ერთ-ერთი კლუბი ითხოვდა, სუარესს გამოცდა ჩაებარებინა. იუვენტუსს მოთამაშის დარეგისტრირება სურდა. პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც გაირკვა, რომ მოთამაშემ იტალიური ენა არ იცოდა. აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. იუვენტუსი ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არაა, არანაირი გარე ზეწოლა არ მომხდარა, ეს იყო პერუჯას უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალის ინიციატივა. ვიმეორებ, იუვენტუსი ამჟამად ეჭვმიტანილი არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. რა სასჯელი ემუქრება სუარესს? მოთამაშე რისკის ქვეშ არაა. ამ ტიპის დანაშაული მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეკისრებათ", - თქვა სარიმ.

თავის მხრივ, პერუჯას უცხოელთა უნივერსიტეტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუარესმა წინასწარ იცოდა იტალიური ენის ტესტის პასუხები:

"მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პერუჯას უცხოელთა უნივერსიტეტი ადასტურებს ლუის სუარესთან ჩატარებული ტესტირების უტყუარობასა და გამჭვირვალობას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი გამოძიების ბოლოსაც დადასტურდება".

ლუის სუარესის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ მაინც ჩაიშალა, ურუგვაელმა იტალიის პასპორტის აღება ვერ შეძლო და ტურინელებმა ალვარო მორატა დაიმატეს, რომელმაც სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები