Thumbnail

ძიუდო | ევროპის ჩემპიონატი ისევ გადაიდო - ტოკიოს გრანდ სლემი გაუქმდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძიუდოისტთა ევროპის პირველობა პრაღაში 19-21 ნოემბერს გაიმართება
  • მსოფლიო ტური ოქტომბერში ბუდაპეშტის გრანდ სლემით დაგვიბრუნდება

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისიდან მოყოლებული რამდენჯერმე გადაიდო, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 19-21 ნოემბერს გაიმართება და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც განაწილდება.

თავდაპირველი გრაფიკით, ევროპირველობა 1-3 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მერე ახალ თარიღად 8-10 ნოემბერი გამოცხადდა, ახლაკი, ევროპის ძიუდოს ფედერაციისა და მასპინძელი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი კიდევ ერთხელ, ამჯერად, რამდენიმე დღით გადაიდო.

ამასობაში, გაირკვა ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო 11-13 დეკემბერს არ ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირი – ტოკიოს გრანდ სლემი. პრესტიჟული ტურნირის გაუქმება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტის მარიუს ვიზერისა და იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის იასუჰირო იამასიტას შეთანხმებით გადაწყდა. მათი განმარტებით, ტოკიოს გრანდ სლემმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე 14 სექტემბერს გადავიდა და ძიუდოს აკადემიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამჟამინდელი გეგმის თანახმად, ძიუდოს მსოფლიო ტური მომავალი თვიდან დაგვიბრუნდება. სავარაუდოდ, 23-25 ოქტომბერს უნგრეთში ბუდაპეშტის გრანდ სლემი გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები