Thumbnail

ზლატანი: ბენჯამინ ბატონივით ვარ, მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა ვკვდები

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური მილანის ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში ბოლონიასთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისი დუბლის წყალობით, “როსონერიმ” 2:0 მოიგო. ზლატანის მოსმენა ტრადიციულად საინტერესო იყო:

“ბევრს ვმუშაობ და კარგ ფორმაში ვიმყოფები, არადა, ეს, სეზონის მხოლოდ მე-2 მატჩი იყო. მოვიგეთ და მეტის გატანაც შემეძლო. 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, კიდევ ორ ბურთს გავიტანდი. მოხუცი არ ვარ, ბენჯამინ ბატონივით ვარ – ბებერი დავიბადე და ახალგაზრდა ვკვდები! სერიოზულად კი, გუნდმა მაგრად იმუშავა. 100 %-ით მზად არ ვართ და გარკვეული შეცდომები გვქონდა, რომელთაც ჩვეულებრივ არ ვუშვებთ. ამ სეზონში თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ და ყველა მატჩი ფინალივით უნდა ჩავატაროთ. მომწონს, რომ ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ მინდა, რომ ჩემს ასაკს განიხილავდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომ 38 წლის ვარ, შემხედეთ როგორც 20 წლისას, მუშაობას სწორედ ასე ვაპირებ”.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო და მილანელთა მაისურით ორ მატჩში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. “როსონერის” სერია A-ში მომდევნო შეხვედრა 27 სექტემბერს ელის, როდესაც კროტონეს ესტუმრება, 24-ში კი, ევროპალიგის ეგიდით, ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები