Thumbnail

ზლატანის დუბლი ბოლონიასთან - მილანმა სერია A მოგებით დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანი 2:0 ბოლონია
  • 'როსონერის' სერია A-ში 8 მარტის შემდეგ არ წაუგია
  • იბრაჰიმოვიჩმა ამ სეზონის 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა

მილანმა სერია A-ს 2020/21 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია. სტეფანო პიოლის გუნდმა "სან სიროზე“ ბოლონია მიიღო და 2:0 აჯობა "როსონერი" 90 წუთი დიდ უპირატესობას ფლობდა და მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ლომბარდიელებმა 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით მოიგეს, რომელმაც 35-ე წუთზე ტეო ერნანდესის ჩაწოდების შემდეგ თავით მოახერხა ზუსტად დარტყმა, ხოლო მე-2 ტაიმის დასაწყისში პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შვედმა ბოლო 16 სეზონის პირველ ტურებში 15 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (11 გოლი, 4 საგოლე პასი).

სკანდინავიელს ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა და რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. უშანსოდ არც სინიშა მიხაილოვიჩის ბოლონია ყოფილა, სტუმრებმა ერთხელ ბურთი ძელს მოარტყეს, ერთხელაც ჯანლუიჯი დონარუმამ გადაარჩინა თავისი გუნდი.

მილანმა სეზონში მე-2 თამაში მოიგო მას შემდეგ, რაც ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შემროკ როვერსს აჯობა. აღსანიშნავია, რომ იტალიურ გრანდს კონკრეტულად სერია A-ში ბოლო 13 თამაშია არ წაუგია (10 მოგება, 3 ფრე), უკანასკნელი მარცხი კი 8 მარტით თარიღდება (ჯენოასთან 1:2). კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემდეგ "როსონერი“ დაუმარცხებელია.

სტეფანო პიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს ევროპალიგაზე ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან გამართავს, სერია A მე-2 ტურში კი 27 სექტემბერს, კროტონეს სტუმრად დაუპირისპირდება.

მილანი 2:0 ბოლონია

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (51, პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები