Thumbnail

მორატა იუვენტუსში ბრუნდება - კონტრაქტის დეტალები უკვე ცნობილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალვარო მორატა იუვენტუსში გადასვლასთან ახლოსაა
  • ესპანელი ტურინში 4-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი ალვარო მორატა იუვენტუსში დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია. გავლენიანი იტალიური გამოცემები ადასტურებენ, რომ 27 წლის ესპანელი "ბებერი ქალბატონის" ახალი 9-იანი იქნება.

მორატას ტურინში უკვე დღეს ღამით ელოდებიან და მოსალოდნელია, რომ ხვალ დილით J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მორატა ტურინელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს. იუვეს ალვაროს გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა შეთანხმების საფუძველზე მორატას ტურინში იჯარით დარჩენის შანსი 2021/22 წლების სეზონშიც ექნება.

ამრგვარად, ალვარო იუვენტუსს 4-წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება. ესპანელი ტურინელთა ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა და 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის და იუვეს მოქმედი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ერთი სეზონის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდია, იუვენტუსი ფორვარდის დამატებას აქტიურად ცდილობს. თავიდან ლუის სუარესთან შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ ამისთვის ურუგვაელს იტალიის მოქალაქეობის აღება სჭირდებოდა, რაც 6 ოქტომბრამდე, როდესაც უეფაში ჩემპიონთა ლიგის განაცხადი უნდა გაიგზავნოს, ვერ ესწრება.

მორატას გოლები პირლოს პასებით გაუტანია, ახლა მისი დავალებით გაიტანს

ამიტომაც, ეს გარიგება ჩაიშალა, ხოლო სუარესი ატლეტიკოს შეუთანხმდა და მორატას მადრიდიდან წასვლასაც მწვანე შუქი აენთო. მეორეს მხრივ, იუვე რომადან ედინ ჯეკოს ყიდვას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ეს გარიგებაც დაბრკოლდა, რადგან "ჯალოროსი" ბოსნიელის შემცვლელ არკადიუშ მილიკს ამ დრომდე ვერ მოურიგდა.

სამპდორიასთან მატჩის შემდეგ თავდამსხმელის ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება პირლოსაც მოუწია: "ჯერჯერობით, ფორვარდი არ გვყავს. გონებაში ჩემი ფეხბურთი თავდამსხმელით მაქვს წარმოდგენილი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დროა, მაგრამ თუ შემტევს ვერ დავიმატებთ, სხვა გამოსავალიც გვაქვს, ფორვარდის პოზიციაზე თამაში დიბალასაც შეუძლია".

ალვარო მორატას საფეხბურთო კარიერა მადრიდის რეალში დაიწყო. მას "სამეფო კლუბისა" და იუვენტუსის გარდა, ლონდონის ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოში უთამაშია. "როხიბლანკოში" ესპანელმა ფორვარდმა 61 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები