Thumbnail

'თუ დაგვჭირდი, დაგირეკავთ' - რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვგრძნობდი, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადასადგმელად ყველაზე სწორი დრო გახლდათ'
  • ივან რაკიტიჩი ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან თამაშობდა და 106 მატჩში 15 გოლი გაიტანა

ესპანური სევილიას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა. 32 წლის ფეხბურთელს ხორვატიის ნაკრებში 2007 წლიდან იძახებდნენ და 106 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. მისი ყველაზე დიდი სანაკრებო წარმატება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირდება, როდესაც ხორვატია ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

“ხორვატიის ნაკრებში თამაშზე უარის თქმა ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მომენტია, თუმცა, ვგრძნობდი, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადასადგმელად ყველაზე სწორი დრო გახლდათ. ეროვნულ გუნდში ყოველი თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, მთავარი მოგონებები კი, ცხადია, გასულ მუნდიალს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატიის ნაკრებს წინაც დიდი გამარჯვებები ელის და ჩემს მეგობრებსა და თანაგუნდელებს წარმატებებს ვუსურვებ. უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის მათი ქომაგი ვიქნები”, - დაწერა ივანმა სოციალურ ქსელში.

მალევე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის განცხადებას ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა:

“რაკეტა, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით. თუკი გადამწყვეტი პენალტის დარტყმა დაგვჭირდა, აუცილებლად დაგირეკავთ”.

ეს უკანასკნელი ფრაზა შემთხვევითი ნამდვილად არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატები დანიასა და რუსეთს სწორედ 11-მეტრიანების სერიებში გასცდნენ, ბოლო პენალტი კი ორივე შემთხვევაში რაკიტიჩმა გაიტანა. ივანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზლატკო დალიჩს, კაპიტანს ლუკა მოდრიჩსა და ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დავორ შუკერს.

კომენტარები

ბოლო ამბები