Thumbnail

ტრანსფერები | კავანი რეალს შესთავაზეს - მადრიდში ამაზე იფიქრებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ედინსონ კავანი, შესაძლოა, ესპანეთში წავიდეს
  • მისი აგენტი რეალის ხელმძღვანელებს ესაუბრა

ედინსონ კავანი ჯერ კიდევ უგუნდოდაა!

მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენიდან წამოვიდა, 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ამაოდ ეძებს ისეთ კლუბს, რომელიც ზუსტად ისეთ კონტრაქტს გაუფორმებს, როგორიც პირადად მას სურს. კავანი თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს.

უახლესი ინფორმაციით, რომელსაც ესპანური ‘მარკა’ ავრცელებს, ურუგვაელმა კარიერა, შესაძლოა, მადრიდის რეალში გააგრძელოს. ყოველ შემთხვევაში, ‘მარკა’ წერს, რომ კავანის აგენტი ‘სამეფო კლუბის’ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და მათ კავანი შესთავაზა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რეალში ამაზე დაფიქრდნენ, რადგან კავანი ჯერ კიდევ უმაღლესი დონის ფორვარდია და, თანაც, თავისუფალი აგენტია. ოღონდ, მას წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ევროს მიღება სურს.

ურუგვაელს მანამდე სწორედ მაღალი ხელფასის გამო ჩაეშალა მოლაპარაკებები რომასთან, გრემიოსთან, ბენფიკასთან და მადრიდის ატლეტიკოსთან. იუვენტუსში გადასვლაზე კი, როგორც იტალიაში წერენ, უარი იმიტომ თქვა, რომ არ სურს, ნაპოლის ფანები გაანაწყენოს.

ედინსონ კავანი პსჟ-ში 2013-დან 2020 წლამდე თამაშობდა. წინა სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა (7 ძირითად შემადგენლობაში), 4 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 1 საგოლე პასი გააკეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები