Thumbnail

დომინანტური ფეხბურთი დებიუტანტებით - ანდრეა პირლოს მაგარი დებიუტი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 3:0 სამპდორია
  • ანდრეა პირლოს გუნდმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა იდეალურად დაიწყო. იუვენტუსი სამპდორიასთან დომინანტური ფეხბურთით გამოირჩა და 2020/21 წლების სეზონი ძალზე დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა.

ტურინელების უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა და ანგარიში უკვე მე-13 წუთზე გაიხსნა. თავი იუვეს დებიუტანტმა დეიან კულუშევსკიმ გამოიჩინა. 20 წლის შვედი ტურინელებმა ჯერ კიდევ იანვარში იყიდეს, მაგრამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით პარმაში ჰყავდათ გასხვისებული.

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა კარგად დაიწყო

უნდა აღინიშნოს, რომ პირლომ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტი და ახალგაზრდა ფეხბურთელი გამაწესა. კულუშევსკის გარდა, ბრწყინვალე დებიუტი ამერიკელ ვესტონ მაკკენის ჰქონდა. მოულოდნელად სასტარტოში იყო ჯანლუკა ფრაბოტაც, რომელიც ტურინელთა აკადემიის აღზრდილია. ახალბედა იტალიელი სპეციალისტის ჩანაფიქრმა სრულად გაამართლა - "ბებერმა ქალბატონმა" მეტოქეს უშანსოდ მოუგო.

მასპინძლებმა მე-2 ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ლეონარდო ბონუჩიმ დაამწუხრა ლიგურიელები, ხოლო წერტილი კრიშტიანო რონალდომ დასვა. ერთი საინტერესო ფაქტიც - პირლოს ახალმა იუვენტუსმა 90 წუთში 653 გადაცემა გააკეთა 90%-იანი სიზუსტით, რაც მართლაც იდეალური შედეგია. იუვე მე-2 ტურში სტუმრად რომას დაუპირისპირდება.

იუვენტუსი 3:0 სამპდორია

გოლები: 1:0 კულუშევსკი (13), 2:0 ბონუჩი (78), 3:0 რონალდო (88)

კომენტარები

ბოლო ამბები