Thumbnail

გიორგი ყიფიანის ემოციური პოსტი მამია გავაშელიშვილის ისტორიაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თბილისის ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მამია გავაშელიშვილს ეძღვნება. გავაშელიშვილმა სიმსივნის დამარცხება მოახერხა, საფეხბურთო კარიერა გააგრძელა და 17 სექტემბერს მოსკოვის დინამოს გოლიც გაუტანა.

ნამდვილად ამაღელვებელი და სამაგალითო ისტორიაა - გიორგი ყიფიანმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა.

"2019 წლის იანვარი, საგურამოს ბაზა

ოფისში მივედი. ვიცი რომ გავაშას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ქონია რაღაც მიკრო ტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერია... ველოდები გიორგი ჩანგელიას (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება.

კარი იღება, შემოდის ჩანგელა :

- ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი... გავაშას ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

- რა ჭირს ჩანგელ? (ვეკითხებით გაფითრებული...)

- ავთვისებიანი სიმსივნე. - ეხლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან...

ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და კაი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით. დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობა. - ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალება... აი ისეთი რა, რო ვერ უძლებენ!

აი ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერია. - გავაშა მოსკოვის დინამოს კარში, თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვის...

დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენთან ერთად გაეხარდა ეს ყველაფერი".

მამია გავაშელიშვილს სიმსივნე 2018 წლის მიწურულს დაუდგინდა და მოედანზე მიმდინარე წლის დასაწყისში დაბრუნდა. მამიამ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 2 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ევროპალიგაზე მოსკოვის დინამოსთან გარდამტეხი გოლიც დაემატა.

📹 Silk Sport

კომენტარები

ბოლო ამბები