Thumbnail

ბარსელონას გულშემატკივრებმა ურთულესი პერიოდი გადაიტანეს. ლიონელ მესისთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ჩაცხრა, არგენტინელი კატალონიურ გრანდში რჩება, მაგრამ რას ფიქრობს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ? ამ უკანასკნელმა ახლა კატალონიურ ტელეკომპანია TV3-თან ისაუბრა - აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ლეო მესისთან შერიგება სურს.

“როგორც პრეზიდენტი, მესისთან კონფლიქტში არ შევალ,” - განაცხადა ბარტომეუმ, - მესი ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ეს თემა დახურულია.”

როდესაც მესიმ განაცხადა, რომ ბარსადან წასვლა სურდა, გულშემატკივრებმა ბარტომეუს გადასაყენებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და 20 867 ხელმოწერა ჰქონდათ შეგროვებული. მიზანი ბარსას დირექტორთა საბჭოს გადაყენება იყო.

“წასვლაზე და გადადგომაზე არავინ ფიქრობს. დირექტორთა საბჭო გაკვირვებულია ხელმოწერების რაოდენობით, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას და კლუბის წესებს.” - დასძინა ბარტომეუმ.

ბარსას პრეზიდენტის მიზანი მესისთან შერიგება და პოსტის შენარჩუნებაა

როგორც იცით, მესი ამბობდა, რომ ბარტომეუმ მას ხელი შეუშალა, სიტყვა გატეხა და არ გაუშვა. “მე ვერ დავუშვებდი, რომ მესის კლუბი დაეტოვებინა. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სხვაც დირექტორთა საბჭოში,” - ამბობს ბარტომეუ და ამატებს, რომ კლუბი მიზანია, მესიმ კარიერა ბარსელონაში დაამთავროს. “ჩვენ მესისთან ერთან ახალი პროექტის დაწყება გვსურს,” - ესეც ბარსას პრეზიდენტის სიტყვებია ზემოთ ხსენებული ინტერვიუდან.

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობას მომდევნო უიქენდზე იწყებს, ამ შაბათს კი კატალონიელებმა ჟოან გამპერის თასისთვის ელჩესთან ითამაშეს. ეს ფაქტობრივად ტესტ-მატჩი გახლდათ, რომელიც რონალდ კუმანის გუნდმა ანტუან გრიზმანის გოლით 1:0 მოიგო და Trofeo Joan Gamper-ს 43-ედ დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები