Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის და მოსკოვის დინამოს მატჩის შესახებ, ომარ თეთრაძის კომენტარმა, რომელიც რუსულმა გამოცემამ "სოვეტსკი სპორტმა" რუსულივე სააგენტო ТАСС-ზე დაყრდნობით გაავრცელა,  დიდი რეზონანსი გამოიწვია. 50 წლის სპეციალისტს, რომელმაც მოთამაშის კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, მოგვიანებით კი მოსკოვის დინამოშიც ითამაშა, პოპსპორტი დაუკავშირდა და თბილისში, 17 სექტემბერს ჩატარებული შეხვედრის კომენტარი სთხოვა:

📹 Silk Sport

POPSPORT: თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოსთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, ხოლო თქვენ კომენტარს, რომელიც რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ომარ თეთრაძე: მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ ტელევიზიაში და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული კომენტარი, რომლის კონტექსტიც დამახინჯებულია, სწორედ ამ დროს გავაკეთე. მოსკოვის დინამო  ფავორიტი იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა ყველას დაანახეს, რომ ფეხბურთს გვარები არ თამაშობენ.

პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს. საქართველოში ფეხბურთის თამაში იციან. როდესაც მწვრთნელი ვიყავი გუნდში 7-8 ქართველი ფეხბურთელი მუდმივად მყავდა, რადგანაც მათი ტალანტის მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა. საქართველო იყო, არის და იქნება საფეხბურთო ქვეყანა. ლოკომოტივის გამარჯვება ლოგიკურია. თბილისურმა კლუბმა ძალიან სოლიდურად ითამაშა და შემთხვევით არ მოუგია. ვულოცავ თბილისელებს ამ მოგებას და მადლობა მათ კარგი ფეხბურთის ჩვენებისთვის. 

საქართველო იყო, არის და იქნება საფეხბურთო ქვეყანა. ლოკომოტივის გამარჯვება ლოგიკურია

ხაზგასასმელია, რომ მასპინძლებმა ტაქტიკურად ძალიან სწორად იმოქმედეს, რაც მათი მწვრთნელის დამსახურებაა. გუნდმა მეორე ნომრად თამაში აირჩია და კონტრშეტევებზე ძალიან უნარიანად მოქმედებდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ტაქტიკა დამაკნინებელია, გაიხსენოს, რომ საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ასეთი სათამაშო ხელწერით მოიგო. 

ყველამ იცის, რომ  მოსკოვის დინამოში არიან ფეხბურთელები, რომელთა ჯამური ხელფასი, ლოკომოტივის რამდენიმე თვის ბიუჯეტია. ამიტომ, თბილისელების ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. ლოკომოტივი მთელი გულით თამაშობდა, მათი ანთებული თვალები ყველაფერზე მეტყველებდნენ, მოსკოვის დინამოს "მილიონერები" კი თითქოს მოედანზე საერთოდ არ  ყოფილან.

თბილისის ლოკომოტივის გამარჯვება სენსიაცად შეფასდა

მატჩს კომენტარს ვუკეთებდი და მსურდა, მაღალი კლასის ფეხბურთი მენახა, რომელსაც მოედანზე მყოფი გუნდებიდან მხოლოდ ერთი - თბილისის ლოკომოტივი აჩვენებდა. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ კლუბს მთელი გულით ვქომაგობდი და ვუქომაგებ მომავალშიც. 

როდესაც საქართველოში ვიმყოფები, ვცდილობ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დავესწრო. ქართველებს შეტევაში თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ლოკომოტივის სახით ვნახე სრულიად დაბალანსებული გუნდი, რომელიც დაცვაშიც მშვენივრად იდგა. 

მივმართავ მოსკოვის დინამოს - თუ აგებ, წაგებაც ღირსეული უნდა იცოდე. ეს წაგება ღირსეული არ იყო! 

POPSPORT: როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა მოსკოვის დინამოს მხრიდან მეტოქის შეუფასებლობის მომენტი?

თეთრაძე: როდესაც სათამაშოდ ჩადიხარ და იწყებ მოედნის, სტადიონის დაწუნებას, ეს არასერიოზული მიდგომაა. ორივე გუნდი ერთნაირ პირობებში იმყოფებოდა. მინდორი თუ უხარისხო იყო, იგი უხარისხო ორივე გუნდისთვის იყო. როდესაც მოსკოვის დინამო ხარ, უნდა შეგეძლოს, რომ სირთულეებს, თუ ისინი არსებობს, აჯობო. პროფესიონალებს მეტოქის შეუფასებლობა არ ახასიათებთ. პროფესიონალები მოედანზე გადიან და ყველა შეხვედრას ძალების დაზოგვის გარეშე ატარებენ.

თუ გრანადასთანაც იმავე შემართებით გავა მოედანზე, ლოკომოტივს კიდევ ერთი სენსაციის მოხდენა შეუძლია

დინამო თბილისი ბრენდია, ხოლო თბილისის ლოკომოტოვის შესახებ, ამ მატჩით შევიტყვეთ. 
თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე გრანადაა. ფეხბურთში ბევრი ისეთი შემთხვევაა, როდესაც აუტსაიდერი გუნდი ფავორიტს ამარცხებს. თუ ლოკომოტივი გრანადასთანაც მოედანზე იმავე შემართებით გავა, როგორც დინამო მოსკოვთან ითამაშა, კიდევ ერთი სენსაციის მოხდენა შეუძლია. ყველა შემთხვევაში, შედეგის მიუხედავად, გუნდის თავდადებული თამაში, მისდამი, როგორც მინიმუმ, პატივისცემას გაჩენას იწვევს.

ომარ თეთრაძემ ფეხბურთელის კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, შემდეგ კი იყო მერცხალი, მოსკოვის დინამო, ალანია, რომა, პაოკ-ი, ანჟი და კრილია სოვეტოვი. მას საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებებში უთამაშია. 50 წლის სპეციალისტი ბოლოს ყაზახურ ტობოლს წვრთნიდა, საიდანაც 2017 წელს გაათავისუფლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები