Thumbnail
  • 📅 20 სექტემბერი | ⌚ 19:30 | ⚽ ჩელსი V ლივერპული
  • ამ გუნდების ბოლო შეხვედრა სკანდალურად წარიმართა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისური პრემიერლიგის მე-2 ტურში ცენტრალური მატჩი იოლი ასარჩევია. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლივერპული "სტემფორდ ბრიჯზე" ჩელსის სტუმრობს და თუკი ამ გუნდების ბოლო მატჩში მომხდარ ინციდენტს გავიხსენებთ, თამაშს პრინციპულობა არ უნდა დააკლდეს. აღნიშნულზე ქვემოთ, მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა გრანდებმა სეზონი კარგად დაიწყეს. ლივერპულმა შინ ლიგის ახალწვეულ ლიდს იუნაიტედს 4:3 სძლია (ჰეთ თრიკი მოჰამედ სალაჰმა შეასრულა), ჩელსიმ კი სტუმრად ბრაიტონს მოუგო - 3:1.

აღსანიშნავია, რომ საკვირაო თამაშში ლონდონელებს ტრავმების გამო დააკლდებიან ბენ ჩილველი, ჰაკიმ ზიეჩი, კრისტიან პულიშიჩი, ვან გინკელი და ბილი გილმორი. საეჭვოა მინდორზე ჟორჟინიოს გამოჩენაც. უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს ბრაზილიელი ტიაგო სილვა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამჯერად მას განაცხადში ვერ ვიხილავთ. სამაგიეროდ, მცირე ტრავმები მოიშუშეს და სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან სესარ ასპილიკუეტა და ტიმო ვერნერი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ბრაიტონთან სასტარტო მატჩში ჩელსის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი სისწრაფე (33.38 კმ-სთ) განავითარა და კიდევ ერთხელ გაამართლა თავისი მეტსახელი – "ტურბო ტიმი".

"ეს მეტსახელი ნამდვილად მომწონს და ვეცდები, მინდორზე შესაბამისად ვიმოქმედო. სისწრაფე ძალიან მეხმარება, რომ გოლები გავიტანო და თანაგუნდელებსაც კარგი მომენტები შევუქმნა. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა ამ მხრივ განსაკუთრებული ვყოფილიყავი, ამდენად, მინდვრებში ერთად დავრბოდით. კარიერის დასაწყისში მონაწილეობას ბავშვთა ტურნირებში ვიღებდი და ვიცოდი, რომ თითოეულ გოლზე კანფეტებს მივიღებდი. მამაჩემი ხუმრობს, რომ გოლებისადმი სიყვარული სწორედ ამის დამსახურებაა. ახლა, ყველაფერი მცირედით შეიცვალა. კანფეტების ნაცვლად ფულს გამოვიმუშავებ", - განაცხადა ლონდონელთა გერმანელმა შემტევმა ლივერპულთან მატჩის წინ.

თუკი ჩელსის ტრავმიანობა გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მერსისაიდელებს ერთადერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ: თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. სათქმელია ისიც, რომ ბოლომდე მომჯობინებული არ გახლავთ ჯერდან შაჩირი, ხოლო ლივერპულის ბერძენი ახალწვეული კონსტანტინოს ციმიკასი ჯერაც კარანტინშია.

იურგენ კლოპისა და ფრენკ ლამპარდის დაპირისპირების მომენტი

იურგენ კლოპისთვის სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ გუნდმა ჩელსისთან მატჩისთვის განაცხადში ტიაგო ალკანტარას შეყვანა მოასწრო. ეს უკანასკნელი მერსისაიდულ კლუბში 18 სექტემბერს გადაბარგდა და მისი მინდორზე გამოჩენა ნამდვილად საეჭვო გახლდათ, თუმცა, ახლა, შესაძლოა, მისი დებიუტი კვირასვე ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ტიაგო გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა, ლივერპულმა კი მის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო კიდევ 5.5 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდის.

მოახლოებული მატჩის წინ კლოპმა ამ ტრანსფერს განსაკუთრებული ხაზი გაუსვა და ჟურნალისტებს მასსა და ჩელსის დამრიგებელ ფრენკ ლამპარდს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ესაუბრა.

"მიხარია, რომ ალკანტარასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად დასრულდა და უკვე ჩვენი წევრია. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა. როდესაც ტიაგოს პირველად დაველაპარაკეთ, მაშინვე მივხვდით, რომ მას ჩვენი პროექტი აინტერესებდა, შემდეგ კი, ამ ფეხბურთელით უფრო და უფრო მოვიხიბლეთ. კარგია, რომ მისი განაცხადში შეყვანა დროულად მოხერხდა. ჩელსისთან საოცარი მატჩი გველის, თუმცა, ჩემსა და ლამპარდს შორის არანაირი დაპირისპირება არ გახლავთ. მგონი, აჯობებს გაზეთების კითხვას თავი დაანებოთ. ეს ნამდვილად არ მესმის. როდესაც კითხვებს მისვამთ, გპასუხობთ, თუმცა, მერე ყველანი გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებთ. მთელი ეს ისტორია თქვენი შექმნილია, არადა, ჩვენ ურთიერთობის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია. მას კარგად არ ვიცნობ, თუმცა, ცუდი კაცი ნამდვილად არ უნდა იყოს. უბრალოდ, როდესაც მინდვრის კიდესთან ვართ, ორივეს გვსურს, რომ ჩვენმა გუნდებმა მოიგონ. მესმის, რომ ბევრს სურს ისეთი დაპირისპირებები დაბრუნდეს, როგორიც ვენგერსა და ფერგიუსონს ჰქონდათ, თუმცა, მე ასეთი რამ არ მხიბლავს".

შეგახსენებთ, რომ კლოპსა და ლამპარდს შორის ურთიერთობა პრემიერლიგის ეგიდით გამართულ ბოლო მატჩში გაფუჭდა, რომელიც უკვე ჩემპიონის რანგში მოთამაშე მერსისაიდელებმა 5:3 მოიგეს. მაშინ ფრენკმა სადიო მანეზე დანიშნული სახიფათო ჯარიმა გააპროტესტა, საპასუხოდ კი, იურგენისგან "რჩევა" მიიღო, რომ ხმა ჩაეწყვიტა. ლამპარდი წყობიდან სწორედ ამან გამოიყვანა და გერმანელ კოლეგას უხამსი სიტყვებით მიმართა, რისთვისაც მერე ბოდიში მოიხადა.

"ნამდვილად ვნანობ, რომ ასე მოხდა, თუმცა, ეს ჩვენი მხრიდან არ დაწყებულა. შეურაცხმყოფელი სიტყვები ლივერპულის სკამიდან ისმოდა, ვიმეორებ, სკამიდან და არა კლოპის მხრიდან. იურგენთან პრობლემა არ მაქვს, მასთან კათხა ლუდსაც კი დავლევდი და წარმატებას მივულოცავდი", - აღნიშნა ლამპარდმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს პრემიერლიგის უკანასკნელ 38 მატჩში მხოლოდ 3 მარცხი აქვს.

⚽ ჩელსის პრემიერლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩში მოგებული აქვს როგორც ტაიმი, ასევე მთლიანად თამაში.

⚽ ჩელსის მონაწილეობით პრემიერლიგაში გამართული უკანასკნელი 13 მატჩიდან 11-ში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ჩელსის პრემიერლიგაში ბოლო 13 მატჩიდან 11-ში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგის უკანასკნელ 3 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ჩელსის პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ლივერპულის მონაწილეობით პრემიერლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 4 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ ჩელსის ლივერპულთან პრემიერლიგაში უკანასკნელი 3 მატჩი აქვს წაგებული, ბოლო 10 შეხვედრაში კი ერთადერთი გამარჯვება (4 ფრე, 5 წაგება) გააჩნია.

⚽ აღნიშნულ 10 მატჩში საშუალოდ 2.9 გოლი გადიოდა, არადა, 6 მათგანში 2.50-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽  ლივერპულს პრემიერლიგაში სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ 6 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება (1 ფრე, 3 წაგება) უგროვდება.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში გასვლაზე გამართულ 9 მატჩიდან გოლი მხოლოდ მხოლოდ ერთში არ აქვს გაშვებული.

⚽ პრემიერლიგის სასტარტო ტურში პენალტები ორივე გუნდმა გამოიყენა. ჟორჟიონიოს ზუსტი დარტყმის შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ჩელსის უკვე ზედიზედ 16 პენალტი აქვს გატანილი, მოჰამედ სალაჰმა კი მიჯრით მე-10 და მე-11 პენალტები შეასრულა ზუსტად.

⚽ ლივერპულის მონაწილეობით პრემიერლიგაში გამართულ ბოლო 6 მატჩში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა, ამასთან 5 შემთხვევაში, ეს პირველივე ტაიმში ხდებოდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-2-2): არიზაბალაგა – ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი, ჯეიმსი – კოვაჩიჩი, კანტე – ჰავერტცი, მაუნტი – ვერნერი, აბრაჰამი.
ტრავმა: ჩილველი, ზიეჩი, გილმორი, პულიშიჩი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი – სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

კომენტარები

ბოლო ამბები