Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის მიერ მოსკოვის დინამოს დამარცხებამ რეზონანსი საზოგადოების ყველა ფენაში გამოიწვია. ამ მოგებას ყველა მნიშვნელოვნად არამხოლოდ სპორტული თვალსაზრისით მიიჩნევს. საფეხბურთო ასპექტებით მიღებული სიამოვნების გარდა, გულშემატკივრები ერთ რამეშიც თანხმდებიან - გამარჯვება რუსულ კლუბთან განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენაა.

📹 Silk Sport

დათო ტურაშვილი: "ობიექტურადაც და სუბიექტურადაც, ძალიან გახარებული ვარ. სუბიექტურად იმიტომ, რომ ლექსო თოფურია (ლოკომოტივის პრეზიდენტი) ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მისი წარმატება ყოველთვის გამახარებს. ობიექტურ მიზეზებზე კი რა გითხრათ, მგონი ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.

თავს ნურავინ მოიტყუებს. პოლიტიკა და სპორტი, მეტადრე ფეხბურთი, ერთმანეთისგან არ იმიჯნება. ვინმეს ჰგონია, რომ შოტლანდიელისთვის ინგლისელის დამარცხებაზე ტკბილი არსებობს რამე? ასე ვართ ჩვენც და რუსული კლუბის დამარცხება ყოველთვის უდიდესი მოვლენაა. პირველ რიგში, ამ წაგებებს ტრაგედიად სწორედ რუსები აღიქვამენ. გადავხედოთ, რა ხდება რუსულ ვებგვერდებზე და ყველაფერი ნათელი გახდება.

ისიც ხომ ვიცით, რომ მაგალითად, პუტინს უმალავენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ რუსეთის ნაკრების დამარცხების ფაქტებს და ატყუებენ, ყველაფერი კარგად არისო.

ფეხბურთს შეუძლია, რომ სახელმწიფოს განვითარებაზეც მოახდინოს დადებითი გავლენა. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, არგენტინაში უდიდესი აღმშენებლობა დაიწყო. ქართულ ფეხბურთსაც შეუძლია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულოს. ბოლო პერიოდში საფეხბურთო გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ წარმატება გადამდებია. უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალები. ასეთი მოგებები გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალებებაში გვიწყობს ხელს, რაც აუცილებლად გვჭირდება. ყველას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს მოგებას!"  

თბილისის ლოკომოტივის გამარჯვება სპორტის ფარგლებს გასცდა

აჩიკო გულედანი: "ამ ბოლო პერიოდში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე, რაღაც მომენტში ხასიათი გვიფუჭდებოდა ხოლმე, მაგრამ გუშინდელმა გამარჯვებამ ბევრი წყენა დამავიწყა.

სუფთა საფეხბურთო კუთხით თუ შევხედავთ, ლოკომოტივმა ლაღი, გამართული, ცოცხალი ფეხბურთი ითამაშა. ბოლო წლებია, ამ გუნდთან ინტენსიური კონტაქტი და შეხება მაქვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ მენეჯმენტის სწორი მუშაობა შედეგს მოიტანდა. ეს შედეგი არ დგება არც ერთ საათში და არც ერთ წელიწადში, საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფია.

არ ვამბობ, რომ ლოკომოტივი ამ სეზონში ევროპალიგას მოიგებს, მაგრამ კლუბი სწორად ვითარდება და ეს მახარებს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელ გამარჯვებაში მონაწილეობა მიიღო. მადლობა კლუბს იმ პოსტისთვის, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადლობა მათ, როგორც გულშემატკივრის, ასევე ჩემი სახით იმ ადამიანის მხრიდანაც, რომელიც თავისი სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს". 

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე ესპანური გრანადა იქბნება. ესპანეთში შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები